მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოცდაში ორიანი მიიღო და სკოლაში აღარ მიდის, ასეთი ჯანდაცვის მინისტრი გვყავს“ - საბა კიკნაძე

6027c83d64329
ინგა მურუსიძე
13.02.21 17:20
1944
"გამოცდაში ორიანები მიიღეს და ამის გამო სკოლაში აღარ მიდიან - ასეთი ჯანდაცვის მინისტრი გვყავს", - ასე ხატოვნად აფასებს bm.ge-ისთან საუბარში ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ზამთრის კურორტების არგახსნასთან დაკავშირებით, რის შედეგად, წლევანდელი სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა. 

ზამთრის ტურისტული სეზონის დამთავრებამდე უკვე ისედაც ცოტა დრო რჩება და თან ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 11 თებერვალს bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ მთავრობა ზამთრის კურორტებზე აჭარაში დაშვებულ შეცდომას ვეღარ გაიმეორებდა. „განმეორებით იმ შეცდომას, რაც დავუშვით აჭარაში, არ დავუშვებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

„ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ჰგავს სიტუაციას, როცა მოსწავლე სკოლაში წავიდა, მიიღო ორიანი და სკოლაში აღარ მიდის - აი, ასეთი ჯანდაცვის მინისტრი გვყავს. მიიღო გამოცდაში ორიანი და გამოცდაზე აღარ გადის. ეს არის აბსოლუტური კრეტინიზმი. მთავრობამ თავისივე ჩაუბარებელი გამოცდა მოგვახვია თავს და მომდევნო გამოცდაზე თქვა უარი; ეს იყო უპატიებელი შეცდომა. ზამთარში კაპიტულაციას მოვაწერეთ ხელი. რაც არ უნდა კარგი გააკეთონ, ეს ყველაფერი წინ დახვდებათ. არავის არ უსმენენ და იმიტომ ხდება ასე; არავის უწევენ ანგარიშს, ყველაფერი ხელში აქვთ“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.

კითხვაზე -   შესაძლოა თუ არა, რომ ზამთრის კურორტების არგახსნის მიზეზი ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაცია ყოფილიყო, რომლის წინააღმდეგაც მთავრობა ვერ წავიდა, "კავკასუს თრეველის" დამფუძნებელს ასეთი პასუხი აქვს: "არა, ასე არ არის, რადგან როცა უნდოდათ, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე, ეპიდემიოლოგების რჩევა არ გაითვალისწინეს და არჩევნები მაინც ჩატარდა".