მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბიუჯეტი ₾3 მილიონს შეადგენს"

6388c6fc26ff1
BM.GE
01.12.22 19:20
488
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული პროექტები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტია, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ხელი შეეწყოს შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას, რისთვისაც მისი თქმით, სამინისტრო არაერთ ღონისძიებას უკვე ახორციელებს.

"აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და გაფართოვდება გრძელვადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამებიც. ამასთან, ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეცნიერების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელის დასანერგად. კერძოდ, იგეგმება მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების კლასტერულად განვითარება. აღნიშნული მოდელის განხორციელების პროცესში სამინისტროსთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია", - განაცხადა მან. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ინიციატივით, 2022 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტით, 3 მილიონი ლარის ოდენობით გამოცხადდა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნულმა ფონდმა, ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირების, სახელმწიფო ენის დაცვისა და კვლევის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ახალი მიზნობრივი კონკურსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან

სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს პირველად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო
კონკურსი და მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სამეცნიერო – პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსი.

ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევების მქონე ქალი მეცნიერებისთვის დაწესდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია – „ქალები მეცნიერებაში‘‘.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო კვლევასა და ინდუსტრიას შორის ინტერსექტორული თანამშრომლობის გაძლიერების
მნიშვნელობა და ამ მიმართულებით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის საქართველოს მთავრობამ 2022 წელს 10 მილიონი ლარი გამოყო, რაც ობსერვატორიის სრულ მოწესრიგებას, ტელესკოპების აღდგენასა და ახალი ტელესკოპის შეძენას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 3 521 000 ლარს შეადგენს, ითვალისწინებს როგორც ვივარიუმისა და გერონტოლოგიის კორპუსების სრულ რეაბილიტაციას, ასევე მთელ ტერიტორიაზე არქიტექტურულ და საინჟინრო სამუშაოების ჩატარებას. სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი ისტორიულ შენობაში დაბრუნდა. შესაბამისად, მისი თქმით, 2022 წლიდან ინსტიტუტი აგრძელებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევების განხორციელებას მშობლიურ შენობაში იქ, სადაც აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა დააფუძნა ეს გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

რაც შეეხება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემსწავლელი და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით საბაზო სტრუქტურად ჩამოყალიბების მიზნით, აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

სამეცნიერო პოტენციალის გასაძლიერებლად სამინისტრომ ცენტრს უახლესი ტექნიკის შესაძენად დაფინანსება გამოუყო, რაც საცავებსა და პირად არქივებში დაცული ეროვნული საგანძურის დიგიტალიზაციას მოხმარდება. ამასთან, კიდევ უფრო მდიდრდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები.