მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განსხვავებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველოში ხარისხიანმა ინვესტორმა ფული ჩადოს" - გამყრელიძე

616459d148f58
ინგა მურუსიძე
11.10.21 19:33
937
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლები იყო 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა. რაც შეეხება 2021 წელს, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, FDI-ის მოცულობამ უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ გამყრელიძე ფიქრობს, რომ საქართველოში, ინვესტიციის მოზიდვისთვის პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყო. საინვესტიციო გარემოზე და არსებულ პრობლემებზე მან „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა:

„დღესაც ასე ვფიქრობ და ამას რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი აქვს: ერთი ობიექტური განმაპირობებელი ის არის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა საკმაოდ რთულ რეგიონში. როცა ვსაუბრობთ, რომ პაპზე მეტი კათოლიკები უნდა ვიყოთ, ეს ნიშნავს - განსხვავებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენნაირ რთულ რეგიონში, ქვეყანაში ხარისხიანმა ინვესტორმა ფული ჩადოს. უფრო კარგები უნდა ვიყოთ მუდმივი განვითარებით, უკეთესი ბიზნესგარემოთი, რომელიც იქნება განსხვავებული, ვიდრე არის რეგიონში. უნდა გვქონდეთ უფრო მაღალი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაღალი ეკონომიკური ზრდით და გავხდებით მეტად მიმზიდველები“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომლის ოთხი კომპანია წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც არის საუკეთესო პირობა ინვესტორებისთვის.

„გაუკეთებელი აქ არაფერია, უბრალოდ მიზანმიმართულად, მუდმივად უნდა ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებული. ფულის მოზიდვდა კომპანიის დონეზე ხდება მაღალი კორპორატიული მართვის სტანდარტით, იმისთვის, რომ ინვესტორი გარედან გენდოს. ასეთივე მაღალი უნდა იყოს ქვეყნის სტრანდარტიც - ჩვენ კი მუდმივად ვსაუბრობთ სასამართლო რეფორმაზე. ინვესტორს უნდა სტაბილური, მაღალი ზრდის გარემო“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, არსებობს ინვესტიციების შემცირების ობიექტური ფაქტორი, რაც არის პანდემია, თუმცა არის მიუღებელი ფაქტებიც - ის, რაც მაგალითად ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოხდა, მიუღებელია.

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორიც არის ენერგეტიკა, შევინარჩუნოთ ინვესტორი. როცა ენერგეტიკულ ბიზნესში ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ და დაინახავს რაც მოხდა, ეს არავის წისქვილზე არ ასხამს წყალს, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისაზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.