მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებზე უფრო დიდი მოთხოვნა გაჩნდება"

5e5fd4800ffbe
ლევან თაღიაშვილი
04.03.20 21:20
1200
"თიბისი ბანკის" მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას თქმით, კორონავირუსმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების პროცენტებზე მოახდინა გავლენა, რის შემდეგაც განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებზე უფრო დიდი მოთხოვნა გაჩნდება. მისი თქმით, ვალუტებზე ვირუსის ეფექტს დიდი ზეგავლენა არ ჰქონია და ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობა მსოფლიოში არ გვაქვს.

„ბირჟებზე სამწუხაროდ, არ არის სახარბიელო მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში. ამერიკის 10 წლიან ფასიან ქაღალდებზე პროცენტი რეკორდულად დაეცა და 1%-იც კი ღირს, ამ დროს კი როგორც წესი უფრო მიმზიდველი განვითარებადი სახელმწიფოების ფასიანი ქაღალდები ხდება. ვალუტის კუთხით რომ შევხედოთ, არც ამ მიმართულებითაა რაიმე მასშტაბური და ნეგატიური ტენდენცია. განვითარებადი ქვეყნების ვალუტაზე ამას ვერ ვამჩნევთ, უფრო მეტად ევროზე მოახდინა გავლენა.“ - ამბობს ეკონომისტი.

ნადარაია ლარის კურსის დინამიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოკლე ვადიან პერიოდში ლარი აღარ გამყარდება და ის ბუნებრივ ნიშნულზეა.

„ყველა ვთანხმდებოდით, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ეროვნული ვალუტა გამყარდა ფაქტობრივად, ყველა სხვა ვალუტის მიმართ და დაიბრუნა თავისი პოზიციები. რა თქმა უნდა, ტურიზმი მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოსთვის და პირველი კვარტლის ბოლოს - მეორე კვარტალში სამწუხაროდ ალბათ შემოსავლების შემცირება გვექნება. ვფიქრობთ, რომ მესამე კვარტალი, სადაც შემოსავლების ძირითადი ნაწილია კონცენტრირებული, დააბალანსებს სიტუაციას და კარგი ზრდა გვექნება. კორონავირუსის გავლენაც უფრო მოკლევადიანი იქნება და არამგონია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.“ - განაცხადა მან.

ოთარ ნადარაიამ პროგნოზები სხვა მიმართულებითაც გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ შეამცირებს და ინფლაციაც 3%-იანი ნიშნულის ქვევით ჩამოვა. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, „თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი, 3.5%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს.