მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტი" - სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროექტს აანონსებს

60d96932b57e1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.21 10:24
2153

"უახლოეს პერიოდში მწარმოებლებთან ერთად დავამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების საკრედიტო რესურსებზე წვდომის საშუალებას გაზრდის",- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს. მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია "მაგალიში" იმყოფებოდა, სადაც მეურნეობა დაათვალიერა. 

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „მაგალის" თანამედროვე სტანდარტის სასათბურე მეურნეობა 80 სათბურში 500 ტონა ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავალს ელოდება.

„ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი დიდია და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობის სივრცე არსებობს. ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობა საწარმოო ჯაჭვში, გარანტირებული შესყიდვების მოდელით, მაქსიმალურად იყოს ჩართული. უახლოეს პერიოდში, მწარმოებლებთან ერთად, დავამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების საკრედიტო რესურსებზე წვდომის საშუალებას გაზრდის. ისინი შეძლებენ, თანამედროვე სათბურები მოაწყონ საკუთარ მცირე ნაკვეთებში. გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტის პირობებში კი, მოახდენენ პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „მაგალი“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია, სესხის თანხა 1.5 მლნ ლარს შეადგენს. პროდუქციის გადამუშავება სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ შპს „გლენბერის“ საწარმოში ხორცილედება. საბოლოო პროდუქტი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.