მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღარიბაშვილი #1 ჰომოფობი და მოძალადეა" - მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში

60ed419fefc3a
ინგა მურუსიძე
13.07.21 11:36
795
უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ტრადიცული პრეს-კონფერენცია მედიის პერფორმანსი-პროტესტით დაიწყო.

პირველი, ვინც ტრიბუნასთან დადგა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იყო. ის ეპიდსიტუაციაზე საუბრის დაწყებას გეგმავდა, თუმცა ვიდრე ბრიფინგი დაიწყებოდა, თითქმის ყველა მედიის ყველა წარმომადგენელი - ჟურნალისტები და ოპერატორები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ხელში ტრიბუნასთან დადგნენ და ამ ფორმით მედიაზე ძალადობა და ქვეყანაში შექმნილი ვითარება გააპროტესტეს.

„დღეს ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და არავის აქვს უფლება, ამ ტრიბუნასთან იდგეს. აუცილებლად უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან, რადგან ის ქვეყანაში #1 ჰომოფობი და მოძალადეა", - თქვა „ფორმულას“ ჟურნალისტმა გიორგი კიბაბიძემ და ტრიბუნასთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტო დადო, რათა მთავრობის ყველა წარმომადგენელს ახსოვდეს ის.

თავის მხრივ, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და თქვა, რომ დღევანდელი დღე ყველასთვის ძალიან მძიმეა.

„ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან მძიმე დანაკარგია და ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე როგორც უერთდება ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ საღი აზრი ამ ქვეყანაში ყველას მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი, კონსტრუქციული გადაწყვეტა ვნახოთ ამ სიტუაციიდან და დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების პრობლემებს, როგორც ეს ყველას მოლოდინია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თავის მხრივ, NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ღრმა მწუხარება გამოხატა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამო. 

შეგახსენებთ: 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში "TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ათეულობით ადამიანმა სცემა. ლაშქარავა თვალისა და სახის ძვლების დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ ის 10 ივლისს გამოწერეს. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.