მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გასაანალიზებელია, რამდენად მიზანშეწონილია სებ-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის თარგეთირება"

5dd5594435b3d
BM.GE
20.11.19 19:16
1620
გასაანალიზებელია, რამდენად მიზანშეწონილია სებ-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის თარგეთირება,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას ეხება.

“მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს, არანაირად არ ასახავს, სინამდვილეში, არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ, ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამავე პერიოდში კი ჩვენთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.68 ნიშნულიდან თითქმის 3.0 ლარის ნიშნულამდე დაეცა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ლარის კურსი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი. ლარის დევალვაციით უაღრესად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ აუცილებელია ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ლარის გაცვლითი კურსი გახდეს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი.

ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და, სავარაუდოდ, არსებობს მისი გამყარების საფუძვლები. მეორე, ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვის დროს, გადასახედია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და, ზოგადად, გასაანალიზებელია, ჩვენს პირობებში რამდენად მიზანშეწონილია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირება.

ვფიქრობთ, გადასახედია ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები. ბიზნესის შეფასებით, საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო. ვფიქრობთ, იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებული რისკების გათვალისწინებით, საბანკო რეგულაციების ზოგიერთი მოთხოვნა იყო გადაჭარბებული. ამ თემაზე ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან არაერთხელ გვქონია შეხვედრა და მომავალშიც გვექნება პროფესიული დისკუსიები, სადაც გვინდა შევჯერდეთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც იქნება მიმართული ბიზნესგარემოსა და მთლიანად საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ”,- ნათქვამია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.