08.დეკემბერი .2022 23:35

"გაუგებარია, როგორ იზომება ინვესტირებამდე რისკი, რაც ფონდის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციაზე კითხვებს აჩენს"

"გაუგებარია, როგორ იზომება ინვესტირებამდე რისკი, რაც ფონდის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციაზე კითხვებს აჩენს"
views 542
უკან

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტოში ამ დროისთვის არსებული რისკების კონტროლის სტრუქტურა სრულად ემორჩილება რისკის ამღებ სტრუქტურას რაც „აბსოლუტური ნონსენსია.“

„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გაუგებარია რა პრინციპით, რა მეთოდოლოგიით და რა ერთეულებში იზომება ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტირებამდე რისკი, რაც ფონდის მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციაზე კითხვებს აჩენს.

„საპენსიო ფონდის მხრიდან „ნიკორას“ ობლიგაციებში პირველი განთავსებაა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა მათი სახსრებით რეალური ეკონომიკის დაფინანსების დაწყების და კაპიტალის ბაზრის განვითარების სტიმულირების თვალსაზრისით. რეალური ეკონომიკის დაფინანსება კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების საშუალებით ეს არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასაყვანად. მაგრამ ნებისმიერი საინვესტიციო აქტივობის დაწყებამდე, როგორც უმნიშვნელოვანესი აუცილებელი წინაპირობა საპენსიო სააგენტოს უნდა გააჩნდეს სრულიად დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც არის რისკის კონტროლის პროცესები, პროცედურები და მეთოდოლოგიები.

ჩემ დროს ასეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება ხდებოდა, პროცესები იყო დასალაგებელი, თუმცა სამწუხაროდ შემდგომ მოხდა ამ სტრუქტურის გადაკეთება და მისი სრული დამოუკიდებლობა შეიცვალა მისი სრული დამოკიდებულებით. დღევანდელი ე.წ. რისკის კონტროლის სტრუქტურა მთლიანად ემორჩილება და ანგარიშვალდებულია რისკის ამღები სტრუქტურის მიმართ, რომელიც თავად უნდა აკონტროლოს, რაც აბსოლუტური ნონსენსია.

საინვესტიციო სამსახური რისკის ამღები სტრუქტურაა, უნდა არსებობდეს მისგან დამოუკიდებელი კონტროლის სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს, როგორც აგრეგირებულ დონეზე, ისე თითოეული ტრანზაქციის დონეზე რისკის ოდენობას. ეს რისკი რაში იზომება ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა ერთეულებში ზომავენ, რას ნიშნავს საშუალო რისკიანობა? ეს ყველაფერი გასაწერია, არსებობს მეთოდოლოგიები და ამის განხორციელება შეიძლება. ასეთი ტიპის ორგანიზაციებს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს,“ - აცხადებს სურგულაძე.

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ერთი თვის წინ აანონსებდა, რომ დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებშიც შეეძლება თანხების დაბანდება. აღნიშნულ ინიციატივას სურგულაძე დადებითად აფასებს.

„ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ფასიან ქაღალდებში. ნებისმიერი პირდაპირი ინვესტიცია ნებისმიერ კერძო ფონდებში თუ მას არ აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოშვებული, არ აკმაყოფილებს რეიტინგებს და ა.შ. ასეთი ინვესტიციები დაუშვებელია კანონმდებლობით რასაც ვეთანხმები. არანაირ ჰესებში თუ ეს არის ახალი ჰესი, მე არ ვთვლი რომ უპრიანია საპენსიო სააგენტოს ფულით დაფინანსება. რაც შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებში ინვესტირებას, მიმაჩნია, რომ თუ ამ ობლიგაციებს ექნებათ მისაღები საკრედიტო რეიტინგი ეს არის კარგი ინსტრუმენტი, დაბალ რისკიანი, გავრცელებულია დასავლურ ბაზრებზე ოღონდ კანონშია შესატანი ცვლილება განსახორციელებელი,“ - განაცხადა სურგულაძემ.

პირველი ინვესტიცია ქართულ კორპორაციულ ობლიგაციებში - საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ ახალ ემისიაში 3.5 მლნ ლარი დააბანდა.“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით ბაზარზე 35 მილიონი ლარის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციები დაილისტება საფონდო ბირჟაზეც. ამდროისთვის საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს. სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია:

საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა