მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავაგრძელებთ ახალი ჰესების აშენების მიმართულებით მუშაობას" - თურნავა

6030c189355fd
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 17:00
794
„მოსახლეობასთან კომუნიკაციით, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით გავაგრძელებთ ახალი ჰესების აშენების კუთხით მუშაობას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც უწყების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ენერგოობიექტების უმრავლესობა საბჭოთა კავშირის დროსაა აშენებული და რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ბევრი სამუშაო აქვს.

„ენერგეტიკის მიმართულებით ჩვენ 2017 წლიდან ვახორციელებთ ევროპული სტანდარტების შესაბამის რეფორმას, ვხვეწავთ საკანონმდებლო ბაზას, მიმდინარეობს დერეგულირების პროცესი, მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე ეტაპობრივი გაყვანა, შეიქმნა ბირჟა და ახალი კანონმდებლობა, ხდება ქსელური და კომერციული საქმიანობის განცალკევება. ახალი მექანიზმები შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენ განახლებად ენერგიაში ინვესტორებს შევუწყოთ ხელი, რომლითაც 40-მდე მემორანდუმია მხარდაჭერილი.

ზოგადად, ენერგეტიკის სფერო ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით მსხვილი ჰესების მშენებლობა. ამასთან დაკავშირებით ერთ რიცხვს მოვიყვან - საქართველოში მთლიანად ენერგეტიკული ობიექტების ჯამური სიმძლავრე 4 500 მგვტ-ია და აქედან 70% - 3 100 მგვტ აშენებულია საბჭოთა კავშირის დროს. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს და საქართველო ამ მხრივ დამოუკიდებელი და ძლიერი ექსპორტიორი იყოს რეგიონში. ჩვენ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, ისე რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით უნდა შესრულდეს“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.