მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გახარია ძალიან კონსტრუქციული იყო, შეიძლება იმიტომ, რომ ივანიშვილი აღარ აკონტროლებს ყველაფერს"- ფადი ასლი

602381ef310be
სალომე მეცხვარიშვილი
07.02.21 13:00
7121
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ინვესტორთა საბჭოს ბოლო სხდომით, რომელიც 29 იანვარს ჩატარდა, კმაყოფლია. ფადი ასლი BMG-სთან ამბობს, რომ წინა სხდომებისგან განსხვავებით პოზიტიური ცვლილებები შენიშნა.

სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, ინვესტორთა საბჭო “შეიძლება ითქვას, გარდაიცვალა”, თუმცა, ბოლო სხდომაზე გიორგი გახარიასგან იგრძნო, რომ ის მზადაა, ინვესტორთა საბჭოს წევრებს მოუსმინოს და მათი აზრი გაითვალისწინოს.

“როცა კვირიკაშვილი იყო პრემიერმინისტრი ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრები ტარდებოდა, რადგანაც კვირიკაშვილი კონსტრუქციული პრემიერმინისტრი იყო. ის ღია იყო ახალი იდეების მიმართ, მას მართლაც სურდა, გადაეჭრა პრობლემები. მას შემდეგ, რაც ის წავიდა, ინვესტორთა საბჭო შეიძლება ითქვას, გარდაიცვალა, გახდა ძალიან ბიუროკრატიული.

ახლა, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში გამოჩნდა პრემიერის (გიორგი გახარიას) ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება ყველა იმ შეკითხვასა და შენიშვნაზე, რომელიც შეხვედრაზე გაკეთდა. ის მართლა მონდომებული იყო, განეხილა ყველა ვარიანტი, რამაც მე იმედი მომცა, რადაგანც ამ ხელისუფლების იმედი უკვე დაკარგული მაქვს. ვხედავდი რა ამ დამოკიდებულებას, ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლოა, იმის დამსახურებაა, რომ ბატონი ივანიშვილი აღარ აკონტროლებს ყველაფერს, შეიძლება პრემიერმინისტრი ფიქრობს, რომ ხელები გახსნილი აქვს და თავისუფალია გადაწყვეტილებების მიღებაში. მე ამას ვგრძნობდი”,- აცხადებს ფადი ასლი.

მისივე თქმით, ბოლო სხდომაზე ძირითადად Covid-19-ის შედეგად დაწესებულ რეგულაციებზე და ეკონომიკის გახსნის გზებზე ისაუბრეს.

“მთავარი საკითხი იყო, როგორ გაიხსნას ეკონომიკა, ტურიზმი, სასტუმროები, როგორ დაუჭირონ მხარი ბიზნესს, როდის შემოვა ვაქცინა და ა.შ.

ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი ღია დიალოგი მხარეებს შორის, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ წინასწარ იყოს ჩანიშნული. უფრო მეტი სპონტანურობაა საჭირო”,- ამბობს ფადი ასლი.

ინვესტორთა საბჭო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმაა. საბჭოს საქართველოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს და მასში შედის მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესასოციაციები, დონორები. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შექმნას. საბჭოს სხდომები წესით წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ იმართება. გასულ წელს საბჭო 3-ჯერ შეიკრიბა, 2019 წელს კი მხოლოდ ერთხელ.