16.ნოემბერი .2019 10:35

"გახშირებული კიბერშეტევების ფონზე პარლამენტი არასათანადოდ მუშაობს"

views 378
უკან

"გახშირებული კიბერშეტევების ფონზე, პარლამენტი თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში არასათანადოდ მუშაობს", - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" წარმომადგენლები მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ შეტევებმა როგორც კერძო, ისე საჯარო კომპანიებსა და მედიაზე, შესაძლოა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობამდე მიიყვანოს, ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი მექანიზმი კი პარლამენტის მეტი მუშაობაა.

კერძოდ, საუბარია საკანონდებლო ორგანოში კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელების დაბარებასა და მათი განმარტებების მოსმენაზე.

"ოქტომბრის მონიტორინგის ფარგლებში გამოვყოფდი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხება ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხს. ვიცით, რომ ოქტომებრში კიბერშეტევები გახშირდა, ამიტომ ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარლამენტს ამ მიმართულებით მეტის გაკეთება მოეთხოვება. კერძოდ, კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელების დაბარება და მათი განმარტებების მოსმენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა კეთდება გახშირებული კიბერთავდასხმების პრევენციისთვის.

თუნდაც "თიბისი ბანკის" საქმეზე, როდესაც გაცხადდა, რომ იყო სერიოზული კიბერშეტევა, ამაზე მოთხოვნილია საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამაზეც არ მუშაობს პარლამენტი. ეს იმდენად მასშტაბური შეტევა იყო, რომ ამან შეიძლება საგანგებო მდგომარეობაც შექმნას და არავის უნდა საარჩევნოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამიტომ მეტი ყურადღებაა მისაქცევი", - განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ეკა ციმაკურიძემ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ოქტომბრის მონიტორინგში მოხვდა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე გამართულ შეხვედრას უკავშირდება.

"დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობის წევრების არგამოცხადება საზოგადოებისა და დამოუკიდებელი დეპუტატის უპატივცემულობაა.

"საინტერესო იყო დამოუკიდებელ დეპუტატთა ინიციატივით გამართული შეხვედრა ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ, სადაც მოუსმინეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენელს. სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა, თუმცა აქ არ გამოცხადდა მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც რეალურად უნდა გაეცა პასუხი კითხვებზე. ეს, ერთი მხრივ, აჩვენებს მთავრობის უპატივცემულობას დამოუკიდებელი დეპუტატების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობას საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ. მათ თითქოს მოიწერეს, რომ კომუნიკაცია აქვთ კომპანიასთან, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ მათ პასუხები არ გასცეს იმ კითხვებს რაც არსებობს", - განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.