მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზპრომი" Nord Stream 1-ით ევროპაში გაზის მიწოდებას კვლავ ამცირებს - მიზეზად ისევ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებენ

62decd5e2eb1e
თამთა ჯიჯავაძე
25.07.22 21:13
829
რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ Nord Stream 1-ის გაზსადენით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას კიდევ ამცირებს, და მიზეზად კიდევ ერთი ტურბინის შეკეთებას ასახელებს. ცნობისთვის, გაზსადენის ტექნიკური შეკეთების მიზნით რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება მიმდინარე თვეს ათი დღით შეუმცირა, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვლავ აღადგინა. ახლა კი „გაზპრომის“ მხრიდან მორიგი მსგავსი განცხადება გაკეთდა.

„ვხურავთ კიდევ ერთ ტურბინას, რომელიც Siemens-ის მიერ არის წარმოებული“, - განაცხადეს რუსულ კომპანიაში და მიზეზად რემონტის დაწყების ვადის მოსვლა დაასახელეს.

შედეგად 27 ივლისიდან Nord Stream 1-ით ევროპას დღეში 33 მლნ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზის მიწოდება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მოცულობა ნახევრდება. 

აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურებიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთს გაზის "იარაღად გამოყენებაში" ადანაშაულებენ.

როგორც გერმანიის მარეგულირებელი სამსახურში განაცხადეს, თუ რუსული გაზის მიწოდება Nord Stream 1-ით ამ ტემპით გაგრძელდება, მაშინ ქვეყანა ნოემბრისთვის გაზის მარაგების 95%-ის მიღწევას სავარაუდოდ ვერ შეძლებს, თუ ალტერნატივა არ მოიფიქრა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას მოუწოდა შეამცირონ გაზის მოხმარება, რათა ზამთრისთვის მარაგების პრობლემა არ შეექმნათ. გერმანიის გაზის ამჟამინდელი მარაგები 65.9%-ზეა.

Nord Stream 1-ის გაზსადენით ბუნებრივი აირის მოცულობის შემცირება გავლენას იქონიებს ევროპის სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის საფრანგეთზე, ჩეხეთსა და ავსტრიაზე.

აღნიშნული გაზსადენი წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.