მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეგმაში ხორბლის ქართული ენდემური ჯიშების მოყვანა და პურის წარმოებაა" - "ზანდურის სახლი"

628f39d6dc222
მარიამ იზორია
26.05.22 21:00
1143
ცაგერის მუნიციპალიტეტ სოფელ ღვირიშში მდებარე ტურისტული ობიექტი „ზანდურის სახლი“ გაფართოებას გეგმავს. ადგილზე ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების დათესვა და პურის წარმოებასაც აპირებენ.

„ზანდურის სახლის“ დამფუძნებელი მანონი ახვლედიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ ამ დროისთვის ხორბალს მხოლოდ მცირე მოცულობით საცდელ ნაკვეთებზე აწარმოებენ, საჭირო ტექნიკის შეძენის შემდეგ კი ისეთი ენდემური ჯიშების მოყვანას დაიწყებენ, როგორიც მაგალითად, ზანდურია.

ზანდურის მარანი ტურისტული ობიექტია, რომელიც საოჯახო სასტუმროს, მარანს, ღვინისა და ხორბლის ქართული ენდემური ჯიშების მუზეუმს აერთიანებს. სასტუმროში, რომელიც ჯამში 15 ადამიანს იტევს, განთავსება ორჯერადი კვებით 100 ლარი, ღვინის დეგუსტაცია 25, სადილის სერვისი კი 60 ლარი ღირს.

„ხორბლის ქართულ ენდემურ ჯიშებს პოპულარიზაციას ვუწევ. რაც შეეხება სასტუმროს, 10 ნომრისგან შედგება და ჯამში 15 ადამიანს იტევს. მაქვს ღვინის წარმოებაც, უმეტესად საკუთარი და შეძენილი ნედლეულით ლეჩხუმურ ცოლიკოურს ვაწარმოებ.

ჩემი უმთავრესი გეგმა ხორბლის დათესვა და ამ ენდემური ჯიშებისგან პურის წარმოების დაწყებაა. ამისთვის უპირველესად შესაბამისი ტექნიკა გვჭირდება. არ გვაქვს საცახველი, ეს არც საქართველოში იშოვება, ამიტომ ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად შემოტანაზე ვმუშაობთ“, - ამბობს მანონი ახვლედიანი.

რაც შეეხება ფასებს, „ზანდურის სახლში“ განთავსება ორჯერადი კვებით 100 ლარი, ღვინის დეგუსტაცია 25 ლარი, სადილის სერვისი კი 60 ლარი ღირს.