12.აპრილი .2021 21:31

"გელათს არ უნდა შეეხოს ნებისმიერი ხელოსანი, რომელმაც გუშინ სამზარეულო გაარემონტა" - წულუკიანი

"გელათს არ უნდა შეეხოს ნებისმიერი ხელოსანი, რომელმაც გუშინ სამზარეულო გაარემონტა" - წულუკიანი
views 1638
უკან

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურის კოდექსის შექმნას აანონსებს. როგორც მოქმედმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა, სხვადასხვა მიმართულებით არის მიმოფანტული კანონები, რომელთაც ხშირად კანონის ფორმაც კი არ აქვს და დარგი მინისტრის ხასიათის მიხედვით იმართება.

როგორც წულუკიანი ამბობს, უნდა შეიქმნას კოდექსი, სადაც თითოეულ დარგს ცალკე თავი მიეძღვნება, მათ შორის იქნება თეატრების, მუზეუმების, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების და მრავალი სხვა თავი.

მინისტრი მიიჩნევს, რომ კოდექსი დაარეგულირებს თამაშის წესებს სახელმწიფოსა და თუნდაც, პოტენციურ სპონსორებს შორის.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად კულტურის მინისტრი ქვეყანაში არსებული ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხს მიიჩნევს, რომლებიც მისი შეფასებით „პრაქტიკულად, მოშლილია“.

„ჩვენ ვართ ეროვნული კატასტროფის მოწმე გელათის სამონასტრო კომპლექსში, სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს წესები, კანონი. ის მწირი ნორმები, რაც შემოიღო პარლამენტმა მრავალი წლის წინ, შეჩერებულია. ისინი არ მოქმედებს. ისეთ მნიშვნელოვან ძეგლს, როგორიც გელათია და ასევე სხვა ძეგლებს, რომლებზეც დგას ჩვენი ეროვნული იდენტობა, შეიძლება შეეხოს ნებისმიერი ხელოსანი, რომელმაც, მაგალითად, თქვენ გუშინ სამზარეულო გაგირემონტათ. არ მინდა იფიქროთ, რომ ვაჭარბებ ან ხატოვნად გამოვხატავ. ეს კატასტროფაა. ამ კოდექსმა ეს საკითხებიც უნდა დაარეგულიროს, რომ ძეგლებს შეეხონ მხოლოდ ისინი, ვინც იცის ქვასთან მუშაობა, არის ფერწერის სპეციალისტი და არა უბრალოდ ხელოსანი, რომელიც თანამედროვე შენობებს შეიძლება ძალიან კარგად აშენებს“, - ამბობს წულუკიანი.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელსაც კულტურის კოდექსი მოიცავს, ეს შესაძლოა იყოს ეკლესია. კერძოდ, თუკი ეკლესიის მესვეურების სურვილი იქნება, კულტურის მოქმედი მინისტრი მზად არის, კოდექსში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის დასარეგულირებლად ცალკე თავი გაჩნდეს.

„ხაზს გავუსვამ იმას, რომ თუკი ეკლესიას ამის სურვილი არ ექნება, ან არ იქნება მოტივირებული იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში „თავს არ გავყოფთ“. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას ოფიციალურად დავიწყებთ, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირთან ეს პოზიცია გამოვხატე, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა, ეს არაოფიციალური კონტაქტია. იმედია ვაქცინაციის პროცესი სწრაფად წავა და როდესაც რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი არ ვიქნები უწმინდესისა და უნეტარესისთვის, მე მას ვეახლები და რა თქმა უნდა, ვკითხავ. თუ იქნება მათი სურვილი, მზად ვიქნებით რთულ, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვან პროცესში ჩაერთოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას გეგმავს, რაშიც იგულისხმება მჭედლები, კირითხუროები, ისინი, ვინც ხეზე მუშაობას, ქვის კონსერვაციაზე, ქვის თლაზე და ა.შ.

„ვფიქრობ, სულ 3-4 პროფესიონალი ქვის მთლელი თუ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში შემორჩენილი, ეს დიდი სიმდიდრე იქნებოდა. ამიტომ, რეესტრს გავაკეთებთ იმ მიზნით, რომ მომავალ წელს, ამ დროს, შევძლოთ გამოვაცხადოთ რომ ძეგლს შეეხებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ოსტატები და არავინ სხვა“, - ამბობს კულტურის მინისტრი.

თეა წულუკიანი მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს თეატრების და მუზეუმების საკითხს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამინისტრო მიწვდეს ხელოვანებს, რომლებიც სარეზერვო ფონდიდან დახმარებას არ იღებს. მინისტრის განმარტებით, შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, ვირტუალური ჰაბი, სადაც აღირიცხება ყველა ხელოვანი და პანდემიით დაზარალებულები დახმარებასაც მიიღებენ.

„ჰაბი საშუალებას მოგვცემს რომ მათ ვხედავდეთ, ისინიც კი - ჩვენ და დედაქალაქში თუ სხვაგან ნაცნობების ძებნა არ სჭირდებოდეთ, იმისთვის, რომ მე მომწვდნენ და გამაგებინონ, რომ უჭირთ. ძალიან გამიხარდებოდა, თუ ამ ჰაბის შექმნას მოახერხებდნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ჩვენ შეგვიძლია გარედან კომპანია ვიქირავოთ და ეს ელექტრონული პლატფორმა შევქმნათ, მაგრამ არის მედიახელოვნების ფაკულტეტი, იქ იციან არა მხოლოდ ამგვარი პლატფორმების შექმნა და დიზაინი, არამედ სამინისტროს სპეციფიკა. თუ ეს არ მოხერხდა, იმიტომ რომ სტუდენტს სხვა ბევრი საქმე აქვს, მაშინ ამას გარე ძალებით გავაკეთებთ. ვფიქრობ, მომდევნო ერთ თვეში პირველი დასაკლიკებელი ადგილი უნდა გავაჩინოთ, სადაც ხელოვანი დარეგისტრირდება, ატვირთავს თავის ფოლდერს, იმას, რაც, მისი აზრით, მას საუკეთესოდ წარმოაჩენს. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ახლა ესეც კი არ მაქვს“, - განაცხადა წულუკიანმა.