მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გერმანიიდან ‎€3000-‎4000 ჩამოგვაქვს საქართველოში“ - რას ითხოვენ სტუდენტები მთავრობისგან

5f05fb3b18547
თელარა გელანტია
08.07.20 21:28
7629
დღეს, 8 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ უხსნის 5 ქვეყანას. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. საზღვრების უპირობო გახსნა გულისხმობს იმასაც, რომ აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებსაც ნებისმიერი მიზნით და ასევე, უპირობოდ შეუძლიათ. პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, მაგრამ პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ზემოთ აღნიშნულ 5 ქვეყანაში გამგზავრება მოქალაქეებს ხვალვე შეუძლიათ, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მაგალითად, გერმანიაში არც სუბსიდირებული და არც კომერციული ჩარტერული რეისები ივლისში დანიშნული არაა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ეს კი, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად სტუდენტური დასაქმების პროგრამით, დაახლოებით, 3 თვე მიდიან გერმანიაში და შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან. „უკვე მესამე წელია, ამ პროგრამით ზაფხულში მივდივარ გერმანიაში და ჩემი შრომით 3000-4000 ევრო ჩამომაქვს საქართველოში“, - უყვება bm.ge-ის ერთ-ერთი სტუდენტი მარიამ ბერიძე, რომელიც თავის დასთან ერთად წელსაც გეგმავს წასვლას, მაგრამ ჯერჯერობით, არ იცის ამას როდის მოახერხებს.

მარიამ ბერიძის სიტუაციაში კიდევ არაერთი სტუდენტია. რეგულარული რეისების აღდგენასთან ერთად, მათი მთავარი მოთხოვნა ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების - Wizzair-ის და Ryanair-ის მიერ ფრენების აღდგენაა.

მარიამ ბერიძე, სტუდენტი: „დღევანდელი განცხადება, რომ საქართველო 5 ქვეყანას უხსნის საზღვრებს, ძალიან გაგვიხარდა ყველა სტუდენტს, ვინც საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროგრამებით გერმანიაში დავდივართ, რადგან ყველა ველოდით საზღვრების გახსნას; ზოგიერთს ბილეთი ნაყიდი ჰქონდა, ზოგიერთს დამსაქმებელთან კონტრაქტიც გაფორმებული აქვს და გვაფერხებდა მხოლოდ ჩაკეტილი საზღვრები, რადგან საზაფხულო არდადეგების პერიოდში ვახერხებთ იქ მუშაობას, ამიტომ დროზე წასვლა მნიშვნელოვანია. მე პირადად აქტიურად ვიღებ ამ პროგრამაში მონაწილეობას. უკვე სამჯერ ვიყავი. წელს ჩემი დაც მიდის. მას ფრენა 23 ივლისს უწევს, დრო ცოტა რჩება და როგორც იცით, რაც უფრო ახლოვდება გაფრენის თარიღი, ბილეთიც ძვირდება და სტუდენტისთვის აზრი ეკარგება წასვლასაც, თან ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ შესრულდება რეისები გერმანიის მიმართულებით ან შევძლებთ თუ არა სხვა ქვეყნების გავლით, იქ მოხვედრას“.

დიანა ზვიადაძე, სტუდენტი: „დამსაქმებლები გერმანიაში 12 ივლისს მელოდებიან; Wizzair-ის ბილეთი მქონდა ნაყიდი, მაგრამ მოგეხსენებათ, ავიაკომპანიამ ყველა რეისი გააუქმა. მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებამ დღეს ძალიან გამახარა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში წასვლის უფლება გვაქვს, მაგრამ ივლისში არცერთი რეისი არაა ჩანიშნული - არც სუბსიდირებული და არც კომერციული ჩარტერული რეისები, თან რომც იყოს, ამ რეისებით გამგზავრებაზე სასაზღვრო პოლიცია უარს გვეუბნება, რადგან არც ვიზა გვაქვს და არც ბინადრობის ნებართვა. საქმე იმაშია, რომ ვინაიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა სამთვიანია, ჩვენ 90 დღეში უკან ვბრუნდებით და შესაბამისად, ვიზა არ გვჭირდება. აქამდე საკმარისი იყო დამსაქმებლის მოწვევა, რომელიც ახლა არ ჭრის. ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვხვდე ბერლინში?! გერმანელი დამსაქმებლისთვის ცოტა წარმოუდგენელია იმის ახსნა, რომ საზღვრები გაიხსნა, მაგრამ ფრენები არაა, მათ ალოგიკურობის შთაბეჭდილება რჩებათ. იმედია, ამ გაუგებრობას რამე ეშველება და იაფი ფრენებიც აღდგება. სტუდენტები ხომ გერმანიაში იმისთვის მივდივართ, რომ ვიმუშაოთ. 3000-4000 ევრო ჩამოგვაქვს საქართველოში, რითაც სწავლის საფასურს ვიხდით. რთულია, ავიაბილეთში 500 ევრო გადაიხადოს სტუდენტმა. იმედია, გამოსავალი გამოჩნდება“.

ვეკო ყვავაძე, სტუდენტი: „რამდენიმე თვეა გერმანულში ვემზადები, პარალელურად, თბილისში ვმუშაობ, რომ რაღაც თანხა დავაგროვო და თან ველოდები, როდის აღდგება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით ფრენები, რადგან გერმანიაში უკვე ვიქირავე ბინა, მყავს დამსაქმებელი. იქ „მაკდონალდსში“ უნდა ვიმუშაო. საათში 10 ევროს გადამიხდიან და სამი თვის შემდეგ დავბრუნდები საქართველოში. ამ ეტაპზე რაც მაფერხებს, ავიაბილეთების ფასია. რთულია სტუდენტისთვის ბილეთში 400 და 500 ევროს გადახდა. იმედია, მთავრობამდე მივა ახალგაზრდების ხმა და დაგვეხმარებიან. რადგან თანხა, რომელსაც იქ გამოვიმუშავებთ, ისევ საქართველოში მოგვაქვს. 14 ივლისს უნდა ვიყო გერმანიაში“.

სიუჟეტი