27.ნოემბერი .2019 12:45

"ღია მმართველობა ასე არ ხდება... ჯანდაცვის მინისტრმა დარგის ხმა უნდა მოისმინოს" - ლევან კობერიძე

views 460
უკან

საქართველოს პარლამენტის წევრ ლევან კობერიძის შეფასებით, მთავრობის 520-ე დადგენილების გამო, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული  კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, პაციენტებისთვის შესაბამისი სერვისების გაწევა ვერ ხერხდება და კლინიკებს დიდი ზარალი ადგებათ.

“520-ე დადგენილების ამოქმედების გამო, ხშირ შემთხვევაში ხარისხიანი სერვისის გაწევა შეუძლებელი ხდება პაციენტებისათვის, შემთხვევა გვაქვს სამედიცინო სერვისების გადავადებასთან (ოპერაციების, მკურნალობის) იმის გამო, რომ ამ დადგენილებაში აღნიშნული ტარიფების სქემით, პრაქტიკულად, შეუძლებელია ისეთი მანიპულაციების გაწევა, რომელზეც ექიმი პასუხისმგებლობას აიღებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კლინიკებმა წარმოადგინეს ზარალი, რომელიც მათ ადგებათ ამ გადაწყვეტილებით. დარგის წარმომადგენლების შეხვედრის მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ თხოვნით მიმართვაა, რომ შეჩერდეს ამ დადგენილების მოქმედება. ეს იმიტომაა საჭირო, რომ დარგის წარმომადგენლებთან ელემენტარულად ტარიფიკაციის სქემა გავიაროთ და ამის მიხედვით მოხდეს ცვლილებები", - განაცხადა პარლამენტარმა.

კობერიძემ მინისტრთან კომუნიკაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღია მმართველობა ხისტი გადაწყვეტილებებით არ ხდება და აუცილებელია, დარგის წარმომადგენლების აზრის მოსმენა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ გადაწყვეტილების განმარტებას აპირებს და არა - გადახედვას, რაც არასწორია და დადგენილება მინიმუმ 2 თვით უნდა გადავადდეს.

„ჩვენ ველოდებით მინისტრთან შეხვედრას, რომელიც აქამდე არ მომხდარა. ჩანიშნულია რამდენიმე შეხვედრა, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცის სამინისტრო განმარტავს თავის გადაწყვეტილებას ახალ, გათანაბრებულ ტარიფიკაციაზე. ამ გადაწყვეტილების განმარტება საჭირო არაა, სამედიცინო საზოგადოებას სურს, 520-ე დადგენილების მინიმუმ 2 თვით გადავადება. ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია მყარი, თუმცა ამავდროულად მცდარია, რაც მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მან დარგის წარმომადგენლების ხმა აუცილებლად უნდა მოისმინოს, შეუძლებელია ვსაუბრობდეთ ღია მმართველობაზე და ამის ფონზე ვიღებდეთ მინისტრის ხისტ გადაწყვეტილებებს", -  ამბობს ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, ლევან კობერიძის ინიციატივით, ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.