მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღირს კი, ამ ქვეყანაში ფულის ჩადება?“ - რა პრობლემები შექმნა "ნამახვანის" ქეისმა ენერგეტიკის სექტორში?

629f529a1771b
ელენე გოგბერაშვილი
08.06.22 09:45
1320
საქართველოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვეტილია. ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ, თუმცა ENKA-ს 2021 წლის ფინანსური ანგარიშიდან გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანია ვერ დაარწმუნა. ENKA-მ პროექტზე დახარჯული 40 მილიონი დოლარი ჩამოწერა.

ამ პროცესს წინ უძღოდა 2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა.

ENKA საქართველოში ჯამში $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.


ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი „რედაქტ2“-ში ამბობს, რომ "ნამახვანის" ქეისმა ინვესტორებს ბევრი კითხვა გაუჩინა.

"რა პრობლემები შექმნა ამან სექტორისთვის? ხალხმა დაიწყო კითხვის დასმა, თურქული კომპანიები სვამდნენ ამ კითხვებს, სხვა ინვესტორებიც სვამდნენ;

როდესაც გაწყდა ხელშეკრულება, ჩვენ ვიყავით თურქეთში, ბიზნესშეხვედრები მქონდა ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კითხვა დაისვა თურქული დიდი ჯგუფისგან, რომ აი, ეს პროექტი გაწყდა და ჩვენ ბიზნესპრესაში ვკითხულობთ, რომ რაღაც პრობლემები იყო... ერთგვარი წინაღობასავით გაჩნდა. პოტენციური ბიზნესპარტნიორი უკვე კითხვის ნიშნებს სვამს - მიღირს მე ამ ქვეყანაში შესვლა?

მთელი მსოფლიო იბრძვის ინვესტიციის მოზიდვისთვის, ეს არის დაუნდობელი ბრძოლა, რომ შენ ვიღაცას წაართვა ის მილიარდი, რომელიც შენს ქვეყანაში ჩაიდება. აქ სამუშაო გვაქვს ჩვენ და მედიას, რომ ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ ღია ვართ, კარგი, სწორი ინვესტიციებისთვის,“ - აცხადებს გიორგი მირცხულავა.

კითხვას - ის, როგორც ინვესტორი ჩადებდა თუ არა ფულს საქართველოს ენერგეტიკაში - მირცხულავა ასე პასუხობს:

„თუ მე მეკითხებით როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში ჩავდებდი. როგორც უცხოელს ბევრი კითხვის ნიშანი მექნებოდა. მაგალითად, როგორც გაჩერდა ეს პროექტები, ახლა გადალახულია თუ არა ეს პრობლემა მოსახლეობაში, ისე ქვეყანაში და როგორ მოხდება ახლა გადაწყვეტილების მიღება.

მირჩევნია, ქართულმა ბიზნესმა ან უცხოელმა ძლიერმა კომპანიებმა ჩადონ ინვესტიცია ამ ქვეყანაში. ბიზნესი ბიზნესურ გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად და ჯეროვნად მიიღებს. სახელმწიფოს როლია ზედამხედველობა, რომ კომპანიამ არ დაარღვიოს კანონი, შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რაც თავიდანვე ჩაიდება მოსახლესთან, გარემოს დაცვის კუთხით... ესაა სახელმწიფოს დანიშნულება. შიგნით [პროექტში] როცა შედის სახელმწიფო, ეს უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ არის“.

"მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების," - ეს სიტყვები უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილს გააკეთა, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა სახით გეგმავს სახელმწიფო ამ ჰესების მშენებლობისთვის კაპიტალის მოზიდვას.