მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გორი პალასი“ - 6 მლნ ლარის ინვესტიციით გორში პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

5faa9e890c2dd
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.20 18:08
3684
დეველოპერული კომპანია MSZ Group-მა გორში, პანდემიის პერიოდში 6 მლნ ლარის ინვესტიციით პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დასრულებულ სახეს 2022 წელს მიიღებს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ლევან ჭითანავა აღნიშნავს, „გორი პალასი“ გორში კომპანიის მე-3 პროექტია, მაგრამ აქამდე ძირითადად ეკონომ-კლასის კომპლექსებს აშენებდნენ. „ამ ქალაქში მოღვაწეობის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ მას რაიმე ახალი, ინოვაციური პროექტი სჭირდებოდა როგორც - საქალაქო არქიტქეტურის, ისე ტურიზმის ხელშეწყობის მხრივაც“, - აცხადებს ლევან ჭითანავა.

კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ასეთ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში ახალი პროექტის დაწყება, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ  "თუ რისკების მიუხედავად, ყველა გააგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას, ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე ბევრად უფრო მალე დადგება".

"ახალი პროექტის განხორციელება 4 თვის წინ დაიწყო. კორონა-პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა კომპანიის მხრიდან ამ პროექტში ინვესტიციის ჩადებას. ჯამში, დაახლოებით, 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჩვენ კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ ამ ვითარებაში დანახარჯების ზრდა გარდაუვალი იქნებოდა. პანდემიის გავლენით ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის და სირთულეების მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკა სრულად ვერ გაჩერდება და თუ ამ რისკების მიუხედავად, ყველა გააგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას, ქვეყნის ეკონომიკა ბევრად უფრო მალე დადგება ფეხზე“, - ამბობს ის.

ლევან ჭითანავა აღნიშნავს, რომ „გორი პალასის“ მშენებლობის დაწყებით კომპანიამ 30 სამუშაო ადგილი შექმნა და მისი დასრულების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.

რაც შეეხება თავად პროექტს, „გორი პალასი“ ქალაქის ცენტრალურ უბანში შენდება. კომპლექსი მოიცავს A და B ბლოკებს. A საცხოვრებელ ბლოკში განთავსდება: მისაღები ჰოლი კონსიერჟის მომსახურებით, ბინები და ლიფტები; B ბლოკში კი აპარტოტელი იქნება. აპარტამენტის ტიპის ბინები მყიდველს სრული რემონტით, ავეჯით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით გადაეცემა. B ბლოკს ექნება საკუთარი მისაღები ჰოლი, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, დასუფთავება, პარკინგი. კომპლექსში, ასევე, განთავსდება სილამაზის ცენტრი, სპორტ დარბაზი, დაცული ეზო ვიდეოკონტროლით და 24 საათიანი დაცვით, რეკრეაციული დასასვენებელი სივრცე საბავშვო ატრაქციონებით, გარე ტრენაჟორებითა და შადრევნით, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და რუფტოპ რესტორანი - „გორი ტერასა“.

“ეს ყველაფერი მაქსიმალურ კომფორტს შექმნის როგორც მობინადრეებისთვის, რომელთაც დროის დაზოგვის და ერთმანეთთან სოციალიზაციის მეტი საშუალება ექნებათ, ისე ტურისტებისათვის, რომლებიც ნებისმიერი მომსახურების მიღებას ერთ სივრცეში მარტივად შეძლებენ“, - აღნიშნავს MSZ Group-ის დირექტორი. 

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათ კომპლექსში ფართების შეძენაზე მოთხოვნა საკმაოდ კარგია, რაც მშენებლობის დაწყებისთანავე გამოვლინდა. „ჩვენი კომპანია მაქსიმალურად უწყობს ხელს დაინტერესებულ მომხმარებელს უძრავი ქონების შეძენაში, იქნება ეს შიდა უპროცენტო განვადება, ინდივიდუალური გადახდის გრაფიკები, სხვადასხვა სახის წამახალისებელი აქციები თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ჩართულობა. გამომდინარე აქედან, ჩვენი ფინანსური ანალიზის მიხედვით, ეტაპობრივად გაყიდვების ზრდაა მოსალოდნელი“, - განაცხადა ლევან ჭითანავამ.

ცნობისთვის: MSZ Group ქართულ სამშენებლო ბიზნესში 2015 წლიდანაა და, ძირითადად, ბათუმსა და გორში საქმიანობს. სამომავლოდ, კომპანია გაფართოებას სხვა ქალაქებშიც გეგმავს.