მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრინ დაზღვევამ" საქართველოს საფონდო ბირჟაზე 9 მილიონის აქციები განათავსა

5fec882feb813
BM.GE
30.12.20 17:07
1116
სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველომ“ B კლასის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განათავსა. საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ იქნა 9,000,000 აქცია. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება კი 1 ლარია.

ეროვნულმა ბანკმა "გრინ დაზღვევა საქართველოს" ემისიის პროსპექტი 2020 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა, 24 დეკემბერს კი კომპანია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა

„საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების სავაჭროდ დაშვება არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც წარმატებაა, საფონდო ბირჟები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განვითარებად ქვეყნებში. კაპიტალის ბაზრის ფორმირება, ამ მიმართულებით ინვესტირება სერიოზული წინსვლა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები სწორედ სადაზღვევო კომპანიები არიან“, – აღნიშნა „გრინ დაზღვევა საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ეკა ცენტერაძემ.

ემისიის პროსპექტის მიხედვით, „გრინ დაზღვევა საქართველო“-ს აქციონერები არიან: შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ – 50%, სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“, საიდენტიფიკაციო კოდი 404392359; რეგისტრირებული მისამართი: გოგოლის ქ. 1, ბათუმი საქართველო – 47%, ხოლო დარჩენილ 3%-ს ფლობენ სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს შვილობილი კომპანიები. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს. მისი საბოლოო მესაკუთრე კი თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქია.

 „გრინ დაზღვევა საქართველო“ ფლობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ ორი ტიპის სადაზღვევო ლიცენზიას სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისთვის.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 9 თვეში "გრინ დაზღვევის" მიერ 2 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია არის მოზიდული. ამ მაჩვენებლით, მას მთლიანი ბაზრის 0.5%-მდე უჭირავს.

კომპანიას საფონდო ბირჟაზე გასვლაში საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი დაეხმარა.