მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდაურში 200-მილიმეტრიანი მილსადენი გადახსნილია"- წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე

5e11d3f7bcd3a
შოთა ტყეშელაშვილი
05.01.20 15:55
2200
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ორგანიზაციის თანამშრომლები გუდაურის სასმელი წყლის სისტემის დაზიანების მოგვარებას ამ დრომდე ცდილობენ. 

კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ წყლის მიწოდების სრულ აღდგენამდე, მათ „რედკოს“ კორპუსებისთვის წყალი ცისტერნებით მიუტანეს.

„რედკოს დასახლებისთვის“ წყლის მიწოდებაზე პრობლემა გუშინ საღამოს შეიქმნა. ამ წუთში „რედკოს“ კორპუსებს წყალი არ მიეწოდებათ, თუმცა ჩვენ სასწრაფოდ ცისტერნებით უზრუნველვყავით წყლის მიტანა. რვიდან ხუთ კორპუსს გააჩნია ავზები და ამ ავზებს ახლა ვავსებთ ცისტერნებით მიტანილი წყლით. ვაგროვებთ წყალს, რათა პრობლემის მოგვარებამდე კორსპუსებში წყლის მიწოდება უზრუნველვყოთ. მანამდე იმედია, დაზიანებული მილის შეკეთებაც მოგვისწრებს, თუმცა რჩება სამი კორპუსი, რომლებიც არ არიან ავზებზე დაერთებული და მათ არ აქვთ წყალი“, – განაცხადა ზაზა სიხარულიძემ.

ამასთანავე, სიხარულიძე ამბობს, რომ 200-მილიმეტრიან მილსადენზე დაზიანების გამოსწორებისთვის მუშაობა მიმდინარეობს. 

"შეფერხება გამოიწვია მაგისტრალის დაზიანებამ, რომლითაც ახალ გუდაურს წყალს ვაწვდიდით. ეს ახალი დაზიანებაა, რომელიც უკვე აღმოჩენილია. 200 მილიმეტრიანი პოლიეთილენის მილი გადახსნილია და ახლა მიმდინარეობს გასუფთავება, შემდეგ კი დავიწყებთ აღდგენას. რამდენიმე საათში მოვრჩებით დაზიანების შეკეთებას, შემდეგ რამდენიმე საათი დასჭირდება სისტემას წყლის შესავსებად და ველოდებით, რომ საღამოდან წყალმომარაგებას გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილემ.