მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდვილი": შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ პროდუქტზე ფასების ზრდა რიტეილისთვის კარგია, ეს ძალიან ცუდია

60b614ec6c14d
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.21 23:40
1469
საცალო გაყიდვების დარგის წარმომადგენელი კომპანია „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა და დარგი პანდემიური მდგომარეობიდან ჯერ არ გამოსულა და ის ნეგატიური ფაქტორები, რომლიეც კორონავირუსის გავლენით შეიქმნა, დარგს წნეხად აწვება.
BM.GE-სთან დღეს არსებული მდგომარეობის შეფასებისას გიორგი ხაბაშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება, ინფლაცია და გაზრდილი კომუნალურები რიტეილ-სექტორის მოთამაშეებს პროდუქტზე ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას ურთულებს.

„არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ 2020 წელს პანდემია იყო და დღეს უკვე აღარ არის. დღეს პანდემია სახეზე გვაქვს და ყველა ის სიმძიმე და წნეხი, რომელიც პანდემიას ახლავს, თუნდაც ხარჯების ზრდის კუთხით დღესაც სახეზეა. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, რათა უფრო გაძლიერებულები გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

კომუნალურების გაძვირებამ ზოგადად რიტეილ-სექტორს დიდი დარტყმა მიაყენა, მათ შორის „გუდვილსაც“, იმიტომ, რომ ჩვენი დანახარჯების ძალიან დიდი ნაწილი ელექტროენერგიაზე მოდის - სამაცივრე სისტემები, წარმოების დანადგარები... ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი წნეხია.

რიტეილისთვის ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის ფაქტორი დიდწილად კოვიდის ნეგატიურ ფაქტორებთან პირდაპირ კავშირშია, შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ინფლაცია და რომელიმე პროდუქტზე ფასების ზრდა საცალო მოვაჭრისთვის კარგია. ეს ძალიან ცუდია, რადგან მსყიდველუნარიანობა არ იზრდება და შესაბამისად, გაყიდვები ფასების ზრდის პარალელურად კი არ იზრდება, არამედ მცირდება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ფასები, რაც შეიძლება დაბლა გვეჭიროს, რაც ინფლაციის პირობებში ყოველთვის ვერ ხერხდება“, - განმარტა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა.

მან აღნიშნა, რომ ბიზნესის ნორმალური ოპერირებისთვის ვაქცინაცია პირველი და ძირითადი მნიშვნელობის გამოწვევაა. „ჩემი აზრით, ყველა მოქალაქემ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, იმისთვის, რომ ქვეყანაში პანდემიის გავლენით შექმნილი წნეხი სწრაფად მოიხსნას“, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.