მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გული გვწყდება, მაგრამ მთავრობისაც მესმის“ – Georgian Airways-ი სუბსიდირებულ ჩარტერებზე

5f043d12c1e6e
თელარა გელანტია
07.07.20 13:00
2237
„ჩვენ ივლისში გვაქვს 11 კომერციული ჩარტერული რეისი, რაზეც მოგვცეს უფლება. მოგეხსენებათ, პარიზის რეისთან დაკავშირებით იყო პრობლემა, რომ არ გვქონდა ნებართვა და ბილეთები ისე გავყიდეთ, მაგრამ ეს მოხდა იქამდე, სანამ აკრძალვა იქნებოდა... მოკლედ, მერე პარიზზეც მოგვცეს ნებართვა. ჯამში, 11 რეისს ვენის, ბერლინის, ამსტერდამის და პარიზის მიმართულებებით შევასრულებთ“, - ამის შესახებ Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ bm.ge-ის განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სუბსიდირებული ჩარტერული რეისების განმახორციელებელ კომპანიებში „ჯორჯიან ეარვეისი“ ვერ მოხვდა. ეს სცენარი ალბათ მოსალოდნელიც იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ. „რეისები უნდა შეასრულოს რამდენიმე ავაიკომპანიამ... უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, - მიმართა მინისტრთა კაბინეტს პრემიერმა, თუმცა იქამდე ამ საკითხზე მთავრობის ეკონომკურ გუნდს ყურადღება არ გაუმახვილებია, ყოველ შემთხვევაში - საჯაროდ.

ამდენად, როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში Wizz Air-ი და Myway Airlines-ი დააბრუნებს, ხოლო თუ პირველ ეტაპზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს, ძირითადად, „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებდა, ამჯერად - ასე არ იქნება.

Bm.ge დაინტერესდა - რატომ გადაწყდა ასე და „ჯორჯიან ეარვეისის“ სუბსიდირებული ჩარტერების გარეშე დატოვება, არის თუ არა ერთგვარი კომპენსაცია სხვა ავიაკომპანიებისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის შესაბამის უწყებებს ამის თაობაზე განმარტება არ გაუკეთებიათ, კითხვები „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურ დირექტორს დავუსვით.

- მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განრიგიდან ჩანს, რომ სუბსიდირებულ ჩარტერულ ავიარეისებს ამ ეტაპზე „ჯორჯიან ეარვეისი“ არ შეასრულებს. გაქვთ პასუხი - რატომ?

- იმ 5 მიმართულებით, რაზეც 200 ევროიანი ჩარტერები დაინიშნა, არც დავფრინავდით. თან რეისები ევროპიდან ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში ხორციელდება... პრინციპში მათაც მისცეს, რათა კონკურენციის პრინციპი ყოფილიყო დაცული....

- რადგან აქამდე მარტო „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებდა ფრენებს?

- დიახ... მაგრამ მარტო ჩვენ არ ვიყავით. იყო პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“, ასევე, Myway-მ განახორციელა 2 რეისი...

- თუმცა ძირითადად მაინც „ჯორჯიან ეარვეისი“ დაფრინავდა...

- გეთანხმებით, ძირითადად მაინც ჩვენ ვიყავით... ჩვენს თავზე ავიღეთ ყველაფერი და მაქსიმალურად ხუთიანზე გავაკეთეთ. ერთ გუნდად შევიკარით შესაბამის სტრუქტურებთან ერთად. უზრუნველვყავით საქართველოს 3500 მოქალაქის სამშობლოში მშვიდობიანად ჩამოყვანა. ჩვენი არცერთი ბორტგამცილებელი და პილოტი არ დაინფიცირებულა. ყველაფერი აღმატებულად გავაკეთეთ.

- მოკლედ, გული არ გწყდებათ რომ ამ ეტაპზე მხოლოდ Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ ამ ეტაპზე სუბსიდირებულ ფრენებს?

- რასაკვირველია, გვწყდება გული, მაგრამ პრინცპში, მთავრობისაც მესმის, რადგან უნდათ კონკურენტული გარემო იყოს და სხვებიც იყვნენ.. ჩვენც რომ ვყოფილიყავით არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ რა ვქნათ...

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს სუბსიდირებული ჩარტერების რიცხვი?

- მიდის მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოებს შორის. თუ იქნება მოთხოვნა და რომელიმე საელჩო იტყვის, რომ საჭიროა დამატებითი რეისები, ალბათ დანიშნავენ, მაგრამ ამ ეტაპზე ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ: 6 ივლისს გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობლი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად სუბსიდირებულ ავიარეისებს უნგრული ავიაკომპანია Wizz air-ი და ქართულია ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებენ. რეისებზე ბილეთის ფასი მაქსიმუმ 200 ევრო იქნება.
რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
13 ივლისი - ვარშავა,
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.