მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვჭირდება ტემპი აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებისთვის... საჭიროა დიპლომატიური აქტიურობა"

5fb4ffe20b5c7
ინგა მურუსიძე
18.11.20 23:00
778
„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებები მიანიშნებს, რომ აშშ-ს სურს კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობა საქართველოსთან.

როგორც მან BM.GE-ს გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას თქვა, გზავნილები არ იყო დეტალური, თუმცა, იყო დამაიმედებელი და ოპტიმისტური ყველა მიმართულებით.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ ახლა საჭიროა გაგრძელდეს მეტი კომუნიკაცია აშშ-სთან, რათა გადაიდგას ნაბიჯები მათ შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების კუთხით.

„ბაიდენის ადმინისტრაციის პირველ გზავნილებში და განცხადებებშიც ჩანს, რომ ეცდება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს. ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეიზღუდა სავაჭრო ურთიერთობების გარღმავება ევროკავშირთან, წყნარი ოკეანის რეგიონთან და ახლა ეს ყველაფერი აღდგება. თავისთავად იქნება უფრო კარგი ფონი და სიტუაცია, რომ ჩვენ უფრო აქტიურად მოვთხოვთ შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების განახლებას და რაც შეიძლება მალე დადება ამ შეთანხმების“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ის ამბობს, რომ საჭიროა დიპლომატიური აქტიურობა, რადგან ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია შეთანხმებებს გააფორმებს, თუმცა რომელი ქვეყანა იქნება პირველი, რომელი მეორე და რომელი მომდევნო, სწორედ ამ აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

„ახალი ადმინისტრაციის ინტერესი იქნება სავაჭრო შეთანხმებები დადოს, მაგრამ ვისთან დადებს პირველად და ვისთან მეორედ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიური იქნება ჩვენი დიპლომატიური სამსახურები ამ მიმართულებით და მთლიანობაში, ქვეყანა რამდენად კარგად გამოაჩენს საკუთარ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატი. აქტიურად უნდა მოვძებნოთ პროექტები, შევიმუშაოთ სახელმწიფო პროგრამები, რომ მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, მეტი კომუნიკაცია უნდა დამყარდეს აშშ-ის ბიზნეს სექტორთან, რათა მათ მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ საქართველოს შესახებ და შესაბამისად, ქვეყანაში შემოვიდეს მეტი ინვესტიცია. კახა გოგოლაშვილი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სასამართლოს რეფორმას.

„შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში გვეხმარებოდა სასამართლო რეფორმის გატარებაში, ისევე როგორც ევროკავშირი და სხვა ჩვენი დონორი გაერთიანებები. შეერთებული შტატებისთვის თავისუფალი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრიით. ეს არის საფუძველი ბიზნესის დაცულობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის პრეზიდენტს, პრემიერს, პატრიარქს და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, შეხვედრაზე სასამართლო სისტემასა და ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას შეეხო.