მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვჭირდება ხელშეწყობა" - რა გამოწვევებს ასახელებენ მცირე მარნები?

647d8a3d1b7e9
ლიკა მეგუთნიშვილი
05.06.23 11:04
643
„მცირე მარნებისთვის მთავარი გამოწვევა ხარისხი და ბაზრების დივერსიფიკაცია“ - ამის შესახებ BMG-სთან „ძმების მარანი“-ს წარმომადგენელმა მაკუნა ავქოფაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მცირე მარნების პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა ღონისძიება აქტიურად გამართოს.

„არ უნდა ვიყოთ ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულები და ამისთვის მარკეტინგული ღონისძიების ჩატარებაა საჭირო. როგორც ღვინის სააგენტომ, ასევე სახელმწიფომ ხელი შეგვიწყონ მცირე მარნებს, რომ რაც შეიძლება მეტ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებს მაკუნა ავქოფაშვილი.

კიდევ ერთი მცირე მარანი, რომელიც მსგავს გამოწვევებზე საუბრობს „შატო როზეა“. როგორც მისი დამფუძნებელი, ავთო მეგუთნიშვილი BMG-სთან ამბობს, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მარკეტინგული დანახარჯების გაზრდაა საჭირო.

"არ ვართ ცნობილი მარანი, ამიტომ რასაკვირველია, მარკეტინგული თვალსაზრისით გვჭირდება ხელშეწყობა, რათა ჩვენი ღვინოები სათანადოდ წარმოვაჩინოთ ბაზარზე და გავაცნოთ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს და შეაფასებს ჩვენს ღვინოს, თუმცა მთავარია მათ ის სწორად მივაწოდოთ და ხელშეწყობაც სწორედ ამიტომ გვჭირდება. ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის მაქსიმალურად ვშრომობთ და იმედი გვაქვს, შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა „შატო როზე“-ს მეღვინემ, ავთო მეგუთნიშვილმა.

ქართულ ღვინოს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის რომ აქტიური მხარდაჭერა სჭირდებათ, ამ აზრს იზიარებს მცირე მარანი „ითაბანის“ დამფუძნებელიც.

რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მცირე მარანი ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს.

„საკმაოდ რთულია ღვინის ჩამოსხმა და შემდეგ მისი მარკეტინგი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. გამოფენებში მონაწილეობაც გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, მცირე მარნებისთვის ბაზარზე შესვლიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია ამ კუთხით დახმარება. მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტო ქვეყნებში გამართულ გამოფენებში მხარდაჭერა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, როგორც ღვინის ხარისხის, ასევე გემოვნების კიდევ უფრო დახვეწას განაპირობებს. ამ მხრივ სულ უფრო უმჯობესდება მდგომარეობა და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი მცირე მარანი გავა საერთაშორისო ბაზარზე და მათ შორის ჩვენც ვიქნებით“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

ცნობისთვის: წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხიდან 2 მილიონი ლარი კონკრეტულად "ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენაა" მიმართული.