მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვსურს, 2025 წლისთვის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ვიყოთ" - ვახტანგ ბუცხრიკიძე გეგმებზე

61ced319c8029
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.21 16:36
2076
“თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ “საქმიანი დილის” ეთერში 2021 წლის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, “თიბისი” რეგიონის მასშტაბით, მნიშვნელოვანი გაფართოებისთვის ემზადება და უკვე 2025 წლისთვის ბანკი კიდევ რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე უნდა იყოს წარმოდგენილი, შედეგად, “თიბისი” ქართული კომპანიის სტატუსიდან გლობალური ფინანსური ჯგუფის სტატუსზე გადავა.

ვახტანგ ბუცხირკიძის თქმით, ამჟამად ბანკი წარმოდგენილია სამი ქვეყნის ბაზარზე, რომლის ჯამური მოცულობა 40 მილიონი მაცხოვრებელია, ამ ბაზრებზე “თიბისის” როგორც ბანკის, ასევე სხვა სერვისების მომხმარებლის რაოდენობა 8 მილიონია.

ჯერჯერობით, “თიბისის” საქმიანობის და შემოსავლის ძირითადი ნაწილი მაინც საქართველოდან ფორმირდება, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, 2021 წელი ბანკისთვისაც საკმაოდ წარმატებული იყო.

“ჩვენ ქართულ ეკონომიკაზე ვართ დამოკიდებული და იქიდან გამომდინარე, რომ წელს ქართული ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, ჩვენთვისაც საკმაოდ წარმატებული იყო ეს ზრდა. ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა გვაძლევდა საშუალებას “თიბისი” აქტიური ყოფილიყო, მაგრამ მთლიანობაში სექტორის აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი საკმაოდ შეუწყო. სესხების ზრდა ყველა მიმართულებით იყო, დაწყებული მინი-სესხებიდან და დასრულებული მსხვილი კორპორაციული სესხების მნიშვნელოვანი ზრდით. ჩემი აზრით, ამით ხელი შევუწყვეთ ეკონომიკის ზრდას.

“თიბისის” გამოგვარჩევს ის, რომ ვვითარდებით არამხოლოდ საქართველოში, არამედ გვინდა, რეგიონში ვიყოთ ერთ-ერთი გამორჩეული და განსხვავებული კომპანია. დღეს უკვე ვფარავთ, დაახლოებით, 40 მილიონი მაცხოვრებლის სიდიდის ბაზარს. საქართველოს თითქმის 4-მილიონიანი ბაზრის გარდა, წარმოდგენილი ვართ სამ ქვეყანაში და 2021 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. ახალ ბაზრებზე საკმაოდ სწრაფი ზრდა გვქონდა. აქ საქართველოში დიდი მოთამაშე ვართ და დამოკიდებული ვართ მთლიანად ეკონომიკასა და ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო ახალ ბაზრებზე, მაგალითად, უზბეკეთში საკმაოდ კარგი შედეგით დავამთავრებთ, დაახლოებით, 800-900 ათასი მომხმარებელი გვეყოლება.

გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო კომპანია ვართ, ამის თქმა საწუხაროდ, არ შემიძლია, მაგრამ რამდენიმე ქვეყანას ვუყურებთ. დღეს უკვე თიბისის ჰყავს 8 მილიონი მომხმარებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ სამ ქვეყანაში ვფარავთ რვა მილიონ მომხმარებელს, გვინდა, რომ 2025 წლისთვის კიდევ რამდენიმე ქვეყანა გვქონდეს დაფარული და ვფიქრობთ, ყოველწლიურად ან ბანკით ან არაფინანსური ინსტიტუტით შევეცადოთ რამდენიმე საინტერესო მიმართულება მოვსინჯოთ.

ჩვენ გავდივართ მნიშვნელოვან კულტურულ ცვლილებებს. თუ აქამდე ვამბობდით, რომ ვართ ქართული კომპანია, უკვე ბევრი არაქართველი მუშაობს "თიბისიში". მაგალითად, შიდა მიმოწერას ვნერგავდით, რომ ყოფილიყო ქართულად და #წერექართულად იყო, ახლა სამწუხაროდ, გადავდივართ, რომ ინგლისურად ვწეროთ, რადგან ბოლო წლებში ბევრი შემოგვემატა არაქართველი განსაკუთრებით ტექნოლოგიებში. გამომდინარე იქიდან რომ უკვე დავამატეთ ქვეყნები და კიდევ ვგეგმავთ დამატებას, გლობალური მოთამაშე შეიძლება გავხდეთ.

ტექნოლოგიურად ვართ ძალიან დიდ ტრანსფორმაციაში. თუ 3 წლის წინ გვყავდა არაერთი მომწოდებელი, რომელიც გვაწვდიდა სერვისებს, ჩვენ ვთქვით შეუძლებელია, ჩვენ თავს დავარქვათ ტექნოლოგიური კომპანია, თუკი ეს ჩვენ თვითონ არ გავაკეთეთ. დღეს ჩვენთან გაცილებით მეტი IT პროფესიონალი მუშაობს ჩვენთან, გაცილებით მეტი ვიდრე საკრედიტო მენეჯერი ან სხვა სპეციალობის თანამშრომელი.

ეს ტრანსფორმაციის ეტაპი გავიარეთ და წლიურად 3200-ზე მეტ სიახლეს ვნერგავთ, ესაა დღეში 15 სიახლე. ეს ქართული კომპანიებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანია, მაგრამ გლობალურ კომპანიებს თუ შევადარებთ, არაფერია, რადგან იქ სულ სიახლეები და ცვლილებები მიდის.

2022 წელს ბევრად უფრო სწრაფები გავხდებით, რადგან ეს ტექნოლოიური ნაწილი უკვე ჩვენ შიგნითაა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დღეში ათობით სიახლე დავნერგოთ,” - ამბობს “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, “თიბისი ბანკის” აქტივები საქართველოში თითქმის 23 მილიარდ ლარს აღწევს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბანკის აქტივები 6%-ით გაიზარდა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე 2021 წლის შედეგებს აჯამებს