მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვსურს იმპორტირებული მარწყვი ქართულით ჩავანაცვლოთ... ამის რესურსი გვაქვს" - "აგროსფეისი"

6270f7f27f39f
მარიამ იზორია
04.05.22 00:00
1804
მარნეულში, სოფელ აზიზქენდში, დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ინვესტიციით, მარწყვის სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ გაშენდა, რომელმაც პირველი მოსავალი მიმდინარე წელს მიიღო. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აქ 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

კომპანია „აგროსფეისის“ დამფუძნებელი თენგიზ სალუქვაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ადგილზე 70 000 ნერგია დარგული და წელიწადში 50 ტონა მარწყვის მოსავალს ელოდებიან. ამასთან, კომპანია მარწყვს 9 თვის განმავლობაში აწარმოებს. მისივე თქმით, "აგროსფეისი" ადგილობრივი მაღალი ხარისხის მარწყვით, იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას გეგმავს.

„მარწყვის ბაღების გაშენების იდეა „ლოქდაუნის“ პერიოდში გაჩნდა, როდესაც იმპორტირებული პროდუქტის შემოტანის პრობლემა შეიქმნა. 95%-ით ბიოპროდუქტს ვაწარმოებთ. სათბური კი უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. სათბურის კონსტრუქცია ისრაელიდან შემოვიტანეთ, ეს ყველაფერი კი უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოების საშუალებას გვაძლევს.

ადგილზე 70 000 ნერგი გვაქვს, წლიურად კი 50 ტონა მარწყვის მოყვანა შეგვიძლია. სეზონზე დამოკიდებული არ ვართ, შეგვიძლია პროდუქტი 9 თვის განმავლობაში ვაწარმოოთ. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს, ჯერჯერობით მხოლოდ "აგროჰაბში" ვართ წარმოდგენილი. სამომავლოდ ექსპორტს განვიხილავთ, თუმცა ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარს დავაკმაყოფილებთ. გვსურს ეტაპობრივად იმპორტირებული მარწყვი ქართულით ჩავანაცვლოთ, რადგან ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს. დღეს საქართველოში დიდი რაოდენობით შემოტანილი მარწყვია, რომელიც ხარისხითა და გემოვნური თვისებებით არ გამოირჩევა", - განაცხადა თენგიზ სალუქვაძემ.