მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰესების მშენებლობაში უცხოურ ინვესტიციას ალტერნატივა არ აქვს" - GREDA

6271492043157
გიორგი თოლორდავა
04.05.22 10:10
781
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რომ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში უცხოურ ინვესტიციას ალტერნატივა არ აქვს. მისივე თქმით, კონკრეტულ პროექტებში სახელმწიფოსა და კერძო სექტორების ჩართულობის საკითხში აუცილებელია გარკვეული ოქროს შუალედის დაჭერა. ასე პასუხობს გიორგი აბრამიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მსხვილი ჰესები სახელმწიფომ უნდა ააშენოს. 

GREDA-ს დირექტორის განმარტებით, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებში სახელმწიფო ისედაც მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს კერძო კომპანია ახორციელებს. ნამახვანჰესის პროექტის შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მოუწია გარკვეული რესურსების გაღება და პირველადი ინვესტიციის ჩადება, სანამ პროექტით უცხოელი ინვესტორი დაინტერესდებოდა.

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკუთარი ბუნებრივი რესურსები ავითვისოთ.

საბოლოო ჯამში, ეს უნდა იყოს სწორი, დაბალანსებული პარტნიორობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის. სწორად უნდა გამოინახოს ის ფორმა, თუ რა ეტაპამდე მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო, იმისათვის, რომ შემდეგ კერძო ინვესტიცია მოიზიდოს და არა ის, რომ მაგალითად, მილიარდიანი პროექტი მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსოს ბიუჯეტიდან.

სწორად უნდა განისაზღვროს, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მოდელი“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.