მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იაგოს ღვინო": "მცირე, ხარისხიანი წარმოებით მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი"

629b4c3bcdc0b
მარიამ იზორია
04.06.22 20:00
1192
როგორ უნდა იყოს ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გამორჩეული? - ამ შეკითხვას BMGDRIVE-ს ეთერში „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი პასუხობს.

იაგო ბიტარიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე რაოდენობის კუთხით კონკურენციის გაწევა გაუჭირდება, თუმცა ქართველი მეწარმეების მიზანი მაღალ საფასო სეგმენტში შესვლა უნდა იყოს.

მისივე თქმით, მსოფლიოში უფროდაუფრო მოთხოვნადი ხდება მცირე მარნებში დაყენებული ღვინო, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ეს სიახლეა. მეღვინე იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქართული ღვინოა და ამას ადასტურებს ისიც, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში იყიდება.

„რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ ვანგარიშობთ იმას, თუ რა შემოსავალი შემოგვდის. ასეა ბიზნესში, ბიუჯეტსა და ეკონომიკაშიც. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და, შესაბამისად, იმ რაოდენობის წარმოება, რაც სხვა ქვეყნებს შეუძლიათ -ჩვენ არ შეგვიძლია. ამით მათ ვერ შევეჯიბრებით. ჩვენი მიზანი სხვა საფასო სეგმენტში შესვლა უნდა იყოს, შესაძლოა, ვაწარმოოთ ცოტა, მაგრამ მაღალ საფასო სეგმენტში. მაგალითად, 2021 წელს აშშ-ში უფრო მეტი ღვინო დიდი საწარმოებიდან გავიდა, თუმცა მათ და მცირე მარნებს შემოსავლები თანაბარი ჰქონდათ - ზუსტად ამას ვამბობ, მცირე, ხარისხიანი წარმოებით მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

საერთაშორისო ბაზარი ერთფეროვანი ღვინით არის გაჯერებული და უცხო პროდუქტის გამოჩენა მომხმარებლის დიდ ინტერესს იწვევს. მცირე მარნების წარმოების პოპულარობაც ამან გამოიწვია. კარგია ფრანგული ჯიშები, მათი ტექნოლოგია, მაგრამ ბაზარს სხვა რაღაცის გასინჯვა უნდა, მით უმეტეს თუ ეს სხვა ღვინის ისტორიის მატარებელია - საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს“ - ამბობს მეღვინე.

ცნობისთვის: „იაგოს ღვინო“ ქვევრის ბუნებრივ ნატურალურ ღვინოს აწარმოებს.