მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელი" შემოსავლის შესახებ "Forbes კვირაში" გაჟღერებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

60a2733654c8e
BM.GE
17.05.21 21:40
778
"იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" მათი შემოსავლის შესახებ გადაცემა "Forbes კვირაში" გაჟღერებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. სკოლის დირექტორი ქეთევან დონდუა BMG-ისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მართალია გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ სასწავლებელს 2019 წელს 266,239 ლარის მოგება ჰქონდა, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მათი მოგება განპირობებულია არა საოპერაციო საქმიანობით, არამედ სკოლის დამფუძნებელი კომპანიის, შპს "კიკეთით სოციალური პროექტების” მფლობელის, ნინო დურგლიშვილის მიერ განხორციელებული 708,300 ლარის შემოწირულობით.

წერილის თანახმად, რომ არა ეს შემოწირულობა შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს" 2019 წელს მოგების ნაცვლად 438,017 ლარის ზარალი ექნებოდა.

სკოლის შესახებ გადაცემა “Forbes-ის კვირაში" საუბარი იყო იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლებელი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან არის დაკავშირებული, კერძოდ კი მისი 100%-იანი წილი მის მეუღლეს ნინო დურგლიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში საუბარი იყო ასევე სხვა კომპანიებზეც, რომლებიც რუსეთსა და საქართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან არიან დაკავშირებული.

სკოლის დირექტორის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილში მცდარად არის აღნიშნული, რომ გადაცემა “TV პირველის” ეთერში გავიდა. BMG აღნიშნავს, რომ ყოველკვირეული გადაცემა “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” “TV პირველის” ეთერში არ მაუწყებლობს.

“როგორც თქვენთვის ცნობილია მიმდინარე წლის 9 მაისს, ტელეკომპანია ,,TV პირველის” ეთერით გასულ გადაცემაში “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” საუბარი იყო კიკეთში მდებარე კერძო სკოლის, კერძოდ შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლების” ფინანსურ მდგომარეობასა და შემოსავლების თაობაზე.

გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ საკითხს და დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ როგორც საზოგადოებას და თქვენს მაყურებელს, ასევე თავად გადაცემის ავტორსაც უნდა ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია ეთერში გასული სიუჟეტის თემატიკასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, შპს "იაკობ გოებაშვილის სახელობის სასწავლებელმა” 2019 წლის ფინანსური შედეგების მიხედვით წელი დაასრულა 266,239 ლარის მოგებით. თუმცა აღნიშნული ფინანსური მოგება განპირობებულია სკოლის დამფუძნებელი კომპანიის - შპს "კიკეთით სოციალური პროექტების” დამფუძნებლის, ნინო დურგლიშვილის მიერ 2019 წელს განხორციელებული შემოწირულობის თანხებით, რომელიც შეადგენდა 708,300 ლარს. ზემოაღნიშნულზე განვმარტავთ, რომ 2019 წლის მონაცემებით, შემოწირულობის გარეშე სასწავლებლის ეკონომიკური საქმიანობიდან (სწავლებიდან) საზოგადოების ზარალმა შეადგინა 438,017 ლარი,”- ნათქვამია შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის” დირექტორის ქეთევან დონდუას წერილში.