მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იკვეთება ეპიდემიის გაუარესების ნიშნები“ - რაზეა დამოკიდებული შეზღუდვების ძველ „მენიუზე“ დაბრუნება?

606c2db82918f
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.21 14:04
623
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, „შეზღუდვების ის მენიუ ამოქმედდება, რაც ქვეყანამ გამოიარა".

როგორც თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, 2-კვირიან პერიოდში ხელისუფლება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს დააკვირდება, რა დროსაც მოქმედი რეგულაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაფართოებული ტესტირების პროგრამა, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არსებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებაა, მათ შორის პირბადის სწორად ტარების მონიტორინგი. უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში. ჯერჯერობით, ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული შეზღუდვების კონტროლი გამკაცრდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრების შემთხვევაში, პირველ რიგში, მობილობის შეზღუდვის ამოქმედება განიხილება.

„თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია ამ დონის მატებით გაგრძელდა, მაშინ მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს და ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ მეტი მკაცრი შეზღუდვებისკენ დაბრუნება აღარ მოგვიხდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეპიდემიის გავრცელების სურათი ცალსახაა, ეს არის კლასტერული გავრცელება თუ საქმე გვაქვს დაუდგენელ კლასტერთან და ინდივიდუალურ გავრცელებასთან, აქ იკვეთება ეპიდემიის გაუარესების ნიშნები. ჩვენ 2-კვირიანი ინტერვალებით ვაკვირდებით და ვეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე მოგვიწევს იმაზე საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით, ეს იქნება მობილობის შეზღუდვა, საუბარია მგზავრობის შეზღუდვის დაწესებაზე თუ სხვა... მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა ერთეული კერებისა, სადაც აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, ცნობილი არ არის", - განმარტა თამარ გაბუნიამ.

კითხვას - დადებითობის რა მაჩვენებელზე შეიძლება გამკაცრდეს პრევენციის ზომები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასეთი პასუხი გასცა: „2% ის მაჩვენებელია, რომელიც გვაძლევს ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას; როდესაც ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე ფიქრი მოგვიწევს“.