მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმ ქვეყანებს შორის, სადაც ვმუშაობთ, საქართველო ყველაზე განვითარებულია" - ჩეხეთის განვითარების სააგენტო

607f1b60c6613
თამთა ჯიჯავაძე
20.04.21 22:18
1348
იმ ექვს ქვეყანას შორის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, საქართველო ალბათ ყველაზე განვითარებულია და ყველაზე მარტივია აქ მუშაობა, - ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, იან სლივამ განაცხადა, რომელიც ჩეხეთიდან ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

სლივას თქმით, საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტო, 2021 წელს 18 პროექტს აფინანსებს. წლიურად სააგენტოს პროექტების მოცულობა ევროში 2 მილიონს უტოლდება.

„საქართველოზე ჩვენი თანამშრომლობის დიდი წილი მოდის. ეს ცოტათი ნაკლებია, მაგალითად, ეთიოპიაზე, ბოსნიასა და მოლდოვაზე. თუმცა, ის პროექტები, აქ რასაც ვახორციელებთ, საკმაოდ ხარისხიანია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ აქ მასშტაბურ ინფრასტრუქტურას არ უზრუნველვყოფთ. ჩვენ უფრო მცირე პროექტებს ვაკეთებთ, თუმცა – უფრო მიზნობრივს. შეიძლება ითქვას, რომ ექვს ქვეყანას შორის, საქართველო ალბათ ყველაზე განვითარებულია და ყველაზე მარტივია აქ მუშაობა“, – აღნიშნა იან სლივამ.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტები საქართველოში მრავალფეროვანია, მათ შორის მოიცავს ჯანდაცვის, აგროტურიზმის, გარემოს დაცვის სფეროებს.

„ყველა ჩვენი პროექტი რაღაც კუთხით მაინც განვითარებაზეა ორიენტირებული, იქნება ეს თაფლის წარმოება თუ სხვა. მაგალითად, გვაქვს საკმაოდ კომპლექსური პროექტი მეტყევეობაში. ეს პროექტები ეხმარება საქართველოს, განავითაროს სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. და თუ, მაგალითად, ეს ეხება DCFTA-ს, დავეხმაროთ მათ ექსპორტში. პროექტები, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობასთან ერთად ხორციელდება და ყოველთვის საქართველოს პრიორიტეტების შესაბამისია“, – განაცხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა.

ცნობისთვის, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხუთშაბათს, თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრის გახსნა იგეგმება. დელეგაცია ასევე ეწვევა რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს აჭარაში. რუხისა და ბათუმის ახალაშენებული საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით სწორედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა. დელეგაცია ასევე ეწვევა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრს, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ მიერ აშენდა და აღიჭურვა.

19 აპრილს კი სააგენტოს დელეგაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმები გულისხმობს თანამშრომლობას ორი პროექტის ფარგლებში, რომლებიც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური დახმარებით განხორციელდა: : „გზა სახლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდთა განვითარების ალტერნატიული სოციალური სერვისის შექმნას (მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 780 000 ევრო) და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერებას საქართველოში (მთლიანი ბიუჯეტი 1 233 000 ევრო).