მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედგაცრუებულები ვართ... დაგველაპარაკეთ, ხალხო" - ტურიზმის სექტორი მთავრობას მიმართავს

600ad3aedd664
ინგა მურუსიძე
22.01.21 18:00
1367
ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, - ასე ეხმაურება ჰოტელიერი მაიკო მურაჩაშვილი მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნას ეხება და 1-ელი თებერვლიდან. შეზღუდვების შემსუბუქება ტურიზმის სექტორს პრაქტიკულად არ ეხება - საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება და სასტუმროები გახსნას ვერ შეძლებენ, ქვეყანაში დახურული რჩება რესტორნებიც და ისინი მუშაობას მხოლოდ მიტანის სერვისით გააგრძელებენ. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან აქამდე უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდით, რომ მთავრობა კერძო სექტორს უსმენს და რაღაცას გაითვალისწინებდნენ. შეხვედრას მაინც ველოდებოდით, რომ ჩვენს აზრს ვეტყოდით. საერთოდ, ამ ხალხს ჩვენი, ტურიზის არსებობის სჯერა? არ შეიძლება ასე, უკვე დიდი ხანია ნულოვანი შემოსავლებით ვართ. აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს იღებენ. რას უშლის ზამთრის კურორტები? შეხედეთ ეკიპირებას, შეიძლება ამით ადამიანი გადამდები იყოს? ვერ იქნება ვერანაირად.

გარდა ამისა, რატომ კეტავენ სასტუმროებს ზამთრის კურორტებზე? თუ დაავადება არ არის გადამდები სხვა ადგილებზე საქართველოში, რატომ არის გადამდები მაინცდამაინც გუდაურის სასტუმროში? თანაბარ პირობებში ჩაგვაყენეთ. მგონი ყველას გაბანკროტება უნდათ“, - განაცხადა მაიკო მურაჩაშვილმა.

ის ასევე ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 1-ელი თებერვლიდან ფრენები იხსნება, თუმცა არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანები გადაადგილდნენ და სასტუმროები, რომელშიც დარჩენა შეეძლებათ.

„რეგულარული ფრენები აღდგება. ეს ისე ჩანს, თითქოს ანკესი გადმოგვიგდეს, თუ სასტუმრო, რესტორანი და კურორტი არ მუშაობს, ვინ ჩამოვა? რის გამო იხსნება ეს რეგულარული რეისები? ან რომელი ქვეყნებიდან იხსნება? ჩვენ ვმუშაობთ სეგმენტურ, მიზნობრივ ჯგუფებთან. შეგვიძლია სწრაფი ტესტი გავაკეთოთ აეროპორტში და ტურისტები ისე მივიღოთ“, - აღნიშნა ჰოტელიერმა.

გარდა ამისა, მურაჩაშვილი ქვეყანაში ეპიდვითარების მართვასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამაში მთელი სექტორი ეთანხმება.

„ზუსტად ახლა არის საჭირო გეგმის მიწოდება მთავრობისთვის, მაგრამ გეგმა დარჩება გეგმად, თუ არ მოხდება ჩვენთან კონტაქტი. გველაპარაკეთ ხალხო, ჩვენ ვართ მოსახლეობა. დაზიანებული ბიზნესი, რომელიც თქვენი გადაწყვეტილებებით დაზარალდა. დამსვით იმ ეპიდემიოლოგებთან, რატომ არის გადამდები გუდაური და არა ბორჯომი, რატომ უშვებთ კოვიდინფიცირებულ ხალხს სახლში და ა.შ.

გეგმას დავწერთ, რაც იქნება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ხედვაც გვექნება. ზამთრის კურორტები 1-ელი თებერვლიდან უნდა გაიხსნას. ზუსტი თარიღები გვჭირდება, რადგან ეს არის ბიზესი, რომელსაც სჭირდება მომზადება. ზამთრის კურორტების არგახსნა იყო იმედგაცრუება და ვერც ერთი ეპიდემილოგი ვერ აგვისხნის, რატომ არის გადამდები მაინცდამაინც გუდაური. თითქოს სპეციალურად ქმნიან ფონს, რომ არ შემცირდეს ინფიცირებულების რაოდენობა და არ გავიხსნათ უფრო კარგად“, - აღნიშნა მაიკო მურაჩაშვილმა.