07.მარტი .2020 15:07

"იმედი L"-მა სერვისცენტრებში მომხმარებლების მიღება შეაჩერა - რას აკეთებს კომპანია ვირუსის პრევენციისთვის?

views 769
უკან

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" კორონავირუსთან დაკავშირებით მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიამ შეაჩერა სერვისცენტრებში მომხმარებლების მიღება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. კომპანია მუშაობას დისტანციურად, ელექტრონულად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, დოკუმენტაციის მიღება და ელექტრონულად სერვისების მიწოდება კვლავ შესაძლებელია, ასევე მუშაობას აგრძელებენ ოჯახის ექიმებიც. კონკრეტულად მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თბილისში ყაზბეგის გამზირზე მდებარე ფილიალში მიიტანონ საბუთები და სპეციალურ ყუთში მოათავსონ.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ერთი მხრივ საკუთარი თანამშრომლების, მეორე მხრივ კი თავად მომხმარებლების დასაცავად და დაავადების გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

ამ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას კომპანია ჯერჯერობით 23 მარტამდე გეგმავს. გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, როგორი იქნება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა.

“იმედი L ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და თანამშრომელთა, ასევე დაზღვეულთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 23 მარტამდე ზღუდავს თბილისის სერვის ცენტრებში მომსახურების გაწევას.

თანხის ასანაზღაურებელი და საგარანტიო წერილის მოთხოვნის დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ჯანმრთელობის პორტალზე: www.portal.imediL.ge
ორიგინალი დოკუმეტაციის წარდგენის ვადა გაიზარდა 14 დღით.

დოკუმენტაციის განთავსება შესაძლებელი იქნება ალ. ყაზბეგის 44-ში მდებარე სერვის ცენტრში განთავსებულ სპეციალურ ყუთში.

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასანაზღაურებლად და/ან საგარანტიო წერილის მოსათხოვნად საჭირო დოკუმენტაცია უნდა მოთავსდეს ერთ კონვერტში, დაეწეროს თქვენი სახელი, გვარი და წარდგენილი დოკუმენტაციის ტიპი (ანაზღაურების მოთხოვნა ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა)”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა