მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი მაქვს, საპარტნიორო ფონდის საბოლოო სტრუქტურა ზაფხულამდე ჩამოყალიბდება" - საგანგელიძე

60632fb589b9d
ინგა მურუსიძე
30.03.21 18:03
1209
"იმედი მაქვს, გამართლდება ჩემი იმედი და საპარტნიორო ფონდის საბოლოო ტრუქტურა ზაფხულამდე ჩამოყალიბდება", - ასე უპასუხა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანგელიძემ bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

საქმე ისაა, რომ უკვე რამდენიმე წელია, დავით საგანელიძე და საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობენ, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ფონდის რეფორმირების რეკომენდაციით გამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. სწორედ IMF-თან შეთანხმებით, "საპარტნიორო ფონდს" საინვესტიციო საქმიანობა წელსაც შეზღუდული აქვს.

დღეს მედიასთან საუბრისას დავით საგანელიძემ რეფორმირების მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები დაასახელა და ასევე, აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი.

„არ შეიძლება საპარტნიორო ფონდი, ერთი მხრივ, იყოს საინვესტიციო ფონდი და მეორე მხრივ, იყოს სახელმწიფო კომპანიების ე.წ. „მართვის კომპანია“, თან არ მართავდეს მათ, რადგან მოგეხსენებათ, დღეს გვყავს მხოლოდ 2 სახელმწიფო კომპანია - „საქართველოს რკინიგზა“ და „ნავთობის და გაზის კორპორაცია“, რომლის მართვაში არ ვმონაწილეობთ და ჩვენი არის მხოლოდ დივიდენდები, რომელსაც საინვესტიციო ბაზად ვიყენებთ.

„საპარტნიორო ფონდის“ ამოცანაა, საინვესტიციო საქმიანობა და მეორე მხრივ, მას ბალანსზე ჰყავს სახელმწიფო კომპანიები, რომლებსაც არ მართავს ან უნდა იყოს ერთი, ან მეორე, ან უნდა მართავდეს კომპანიას, ან უნდა იყო საინვესტიციო ფონდი. კარგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - მაგალითად, ელექტროობიექტები გადაეცა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. ჩვენ უკვე გავასხვისეთ „თელასის“ აქციები, ესკო და დაგვრჩა ორი ორგანიზაცია - „საქართველოს რკინიგზა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება დიდი რესტრუქტურიზაცია და ალბათ ეს ორი ორგანიზაციაც ფონდის მართვიდან გავა.

დღესვე დავით საგანელიძემ კიდევ ერთხელ უპასუხა მედიის კითხვებს იმის თაობაზე, რომელიც ფონდის ზარალიანობას შეეხება. მისი თქმით, ფონდს წაგებით არც ერთი წელი არ დაუხურავს, გარდა 2018 წლისა და ისიც „საქართველოს რკინიგზასთან“ იყო დაკავშირებული.

„სულ არის საუბარი იმაზე, რომ "საპარტნიორო ფონდი" ყოველ წელს წაგებით ხურავს - არც ერთ წელს, გარდა 2018 წლისა, კონსოლიდირებული ბალანსიც კი არ ყოფილა წაგებიანი. შარშან 72 მლნ-იანი მოგებით დავხურეთ წელი. მხოლოდ 2018 წელი იყო გამონაკლისი და ამაზე გავლენა „საქართველოს რკინიგზამ“ მოახდინა, ისიც იმიტომ, რომ შემოვლითი რკინიგზის ღირებულება - 230 მლნ დოლარი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია KPMG-მ ამოიღო. იმ წელსაც კი ჩვენი საინვესტიციო მოგება, დაახლოებით, 100 მლნ-მდე იყო“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.