მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედია, ეს არაა წინასაარჩევნო ტრიუკი" - გოლეთიანი "ნამახვანჰესის" კონტრაქტის მოშლაზე

614b4bb1a7954
დავით ჯალაღონია
22.09.21 19:28
2882
ENKA Renewables-ის გადაწყვეტილებას, საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტოს, წინ უძღოდა პროექტის განხორციელების ადგილზე რიონის ხეობის მცველების მრავალდღიანი პროტესტი. ამას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება მოჰყვა - იუსტიციის სამინისტროს დაექირავებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლიდა და ასეც მოხდა. ამ ყველაფრის პარალელურად კი, ვითარების განმუხტვის მიზნით, მედიაციის პროცესი მიმდინარეობდა, რაშიც ეკონომიკის სამინისტროსთან, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებიც მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელნი მოგვიანებით პროცესს გაეთიშნენ.

განვითარებულ მოვლენებზე და ENKA-სგადაწყვეტილებაზე BM.GE რიონის ხეობის მცველების ლიდერ ვარლამ გოლეთიანს ესაუბრა.

 
- თქვენი მხარე კმაყოფილია თუ არა ამ შედეგით და თუ არსებობდა რაიმე რესურსი, თუნდაც იმ მედიაციის პროცესში, რაშიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოც მონაწილეობდა, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო?

ჩვენ ყველანაირ კონსტრუქციულ პროცესში ვმონაწილეობდით და ყველგან ვამბობდით, რატომ არის კაბალური და ანტისახელმწიფოებრივი აღნიშნული ხელშეკრულება და საბოლოო ჯამში, "ენკამ" თვითონ არ მიიღო ამ პროცესებში მონაწილეობა და გამოუცხადა უნდობლობა იმ მედიაციის პროცესს, რაშიც ვმონაწილეობდით და თქვა, რომ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხელისუფლებას ეუბნებოდა, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ, როგორც არის და მას ამ ხელშეკრულების გადახედვა არანაირ დონეზე არ აწყობდა, თუმცა ხელშეკრულება იმდენად კაბალური იყო, რომ მცირედით რაიმეს შეცვლა, ჩვენთვისაც არაფერს შეცვლიდა და სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენ გრძელვადიანად არ გავეხვიეთ ამ დიდ შარში.

თუმცა ის პასუხისმგებლობა, რაც ხელისუფლებაზე მოდის, რომ საერთოდ დადო მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, რომელმაც ზარალი მოუტანა ქვეყანას და აუცილებლად ეს ხელშეკრულება რაღაც ტიპის ფინანსურ ზარალს მოიტანს ბიუჯეტისთვის და ჩვენთვის, ყველასთვის, პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და ესეც გამოძიების საგანია, ვფიქრობ.

- გამოძიების საგანი კონკრეტულად რა უნდა იყოს?

გამოძიების საგანი უნდა იყოს ის, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები ფორმდება, კონფიდენციალური შინაარსით. 100 დღე ვითხოვდით, იმას, რომ ხელშეკრულება წაგვეკითხა, რადგან კონფიდენციალური იყო. ამიტომ ეს ყველაფერი ასე რომ იდება ქართველი ხალხის გვერდის ავლით, ინტერესების გათვალისწინების გარეშე და ვიღაცეების მოკლე ჭკუით რომ ხდება, ერთი და ორი კაცის, იმიტომ ვიღებთ იმ შედეგს, რის წინაშეც ვდგავართ. ვინც ამას აკეთებს და რა ვიწრო ინტერესებიც დევს ამ ყველაფერში, უნდა იქნას გამოძიებული და რომელი პირებიც დადგინდებიან, ხელის მომწერები და ჩართული ადამიანები, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

- როგორ ფიქრობთ, ამ შედეგში, რაც დღეს ENKA-ს გადაწყვეტილების სახით დადგა, ვისი წვლილია ყველაზე მეტი?

ევროპის ენერგეტიკული სამდივნოც რომ საუბრობს ამ საკითხებზე, ესეც პროტესტის დამსახურებაა თავის მხრივ, თავისი კეთილი ნებით არ მოუწვევია ხელისუფლებას, ეს მრავალათასიანმა პროტესტებმა განაპირობა, რადგან ჩიხში შევიდა პროცესი და რომ არ გადაედგათ მსგავსი ნაბიჯი, პოლიციასთან დღემდე ფიზიკურად უნდა გვეხმალავა. ამ 329-დღიანმა პროტესტმა, გაუტეხლობამ, ადამიანების წვიმასა და ყველანაირ ამინდში დგომამ და შეუპოვრობამ განაპირობა ეს პროცესი, რაც ხდება. დამერწმუნეთ, რაც არ უნადა ეკონომისტებმა უარყოფითად შეაფასონ ეს პროცესი და თქვან, რა დაგვემართა და ა.შ, ეს ქვეყნისთვის წინგადადგმული ნიაჯია, რომ გაჯანსაღდეს პროცესი, რათა მომავალში მსგავსი ტიპის კაბალური ხელშეკრულებები აღარ გაფორმდეს, როგორც ნამახვანის შემთხვევა იყო.

- რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს "ენკას" ამ გადაწყვეტილებას სხვა საინვესტიციო პროექტებსა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე?

ეს ნორმალური პროცესია, ერთი შეხედვით მტკივნეული, თუმცა გრძელვადიანად რომ შევხედოთ პროცესს, თუ არ გადაიდგა მსგავსი ნაბიჯები, ეს კანონმდებლობა ისე ვერასდროს გაჯანსაღდება, რომ ნორმალური საინვესტიიცო გარემო შევქმნათ, სადაც არ იქნება ადამიანის უფლებები და ეროვნული ინტერესები შელახული. ამიტომ თუ ეს პროცესი არ მოხდა იძულებით ხალხისგან, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, ან ვინც იქნება, დადოს ისეთ ხელშეკრულება, რაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გამტარებელი იქნება, ისე რაში გვაწყობს ჩვენ ასეთი ინვესტიციები, როგორც ეს იყო…

როგორიც ეს პროექტი იყო, გვაწყობს ასეთი ხელშეკრულება ხალხს? მე არ ვიცი, ვის აწყობს კონკრეტულად ხელისუფლებაში და რომელი ჩინოვნიკის ინტერესია ამ პროცესში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაწყობს, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა და იმედია, ნამდვილად ასეა და წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის.

- იმ შემთხვევაში, თუ "ენკას" გარდა, სხვა ინვესტორი გამოთქვას ამ ჰესის აშენების სურვილს, ისეთი პირობებით, რაც ასე თუ ისე თქვენს მოსაზრებებთან წინააღმდეგობაში არ მოვა, ჰესის მშენებლობას მხარს დაუჭერთ? თქვენ ფიქრობთ, რომ "ნამახვანჰესი" ასაშენებელია უკეთესი პირობებით?

"ნამახვანჰესის" შემთხვევაში მხოლოდ ხელშეკრულების ფაქტორი არ იყო, აქ არის უსაფრთხოების საკითხები, გარემოს დაცვის, სოციალური ფაქტორები და ყველაფერს სჭირდება დეტალური გავლა. მხოლოდ ხელშეკრულების საკითხები არ დგას. მე როგორც ვიცნობ ამ საკითხს, არ არის მიზანშეწონილი ამ პროექტის განხორიციელება, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ზოგადად ჰესების წინააღმდეგი ვართ. მთავარია, ეროვნული ინტერესები იყოს დაცული და აქ იგულისხმება ის, რომ არა მხოლოდ ხელშეკრულებით გაფორმებული პირობები უნდა იყოს სწორად, არამედ სხვა, მთელი რიგი ფაქტორები და თუ ეს ყველაფერი იქნება, ვინ არის რაიმეს მშენებლობის წინააღმდეგი, პირიქით, ჰესი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და არის კარგი. ამაზე არავინ დაობს.