მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმუშავე საქართველოდან" - "ამ პროგრამით საქართველოში 10-ჯერ მეტ ადამიანს ჩამოვიყვანდით..."

5f97bb9f2cccc
სალომე მეცხვარიშვილი
27.10.20 10:10
785
"იმუშავე საქართველოდან" ამოქმედებიდან 2 თვეში სახელმწიფო პროგრამაში სულ 197 უცხოელი ჩაერთო. სწორედ ეს არის იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო რამდენიმე თვე მაინც საქართველო სამუშაო ადგილად აირჩიეს და ჩვენს ქვეყანაში უკვე ჩამოვიდნენ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში სულ 1100-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც ნახევარზე მეტს საქართველოში, როგორც კოვიდ უსაფრთხო ქვეყანაში, ჩამოსვლის ნება მისცეს, თუმცა, 700-მდე დადასტურებული აპლიკანტიდან, საქართველოში ჯერ მხოლოდ 197 ადამიანი ჩამოვიდა. ტურიზმის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ პროგრამა ეფექტურია.

“პროექტი არსობრივად არ არის გათვლილი მასიური ტურიზმის გენერირებაზე და მორგებულია მიზნობრივ სეგმენტზე, რომელთა მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი უდრის 2,000 დოლარს და საშუალო დაყოვნების პერიოდი ქვეყანაში გაუტოლდება 6 თვეს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დახარჯულ 24 მილიონ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - საუკეთესო შედეგია”, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

თუმცა, კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროექტი პრაქტიკულად ჩავარდა, ამას კი თავის მიზეზები ჰქონდა.

ტურისტული კომპანიის “იბერია ტურს პლიუსის” დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ფიქრობს, რომ პროექტი 10-ჯერ მეტი ტურისტის მოზიდვას შეძლებდა სახელმწიფო პროგრამის აპლიკაციაში “მომწვევ ორგანიზაციად” ტურისტული კომპანიები თავიდანვე რომ გაეთვალისწინებინათ. ამ შემთხვევაში ტურისტული კომპანიები უშუალოდ გავიდოდნენ კონტაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და თავადაც შეძლებედნენ მცირე დატვირთვით მუშაობას.

"პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნებოდა აპლიკაციაში დამატებითი ველი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული ტურისტული კომპანიებისთვის, რომლებიც მეტ ადამიანებამდე მიაწვდენდნენ ხმას. ეს უნდა ყოფილიყო მაშველი რგოლი, ამას ელოდებოდა მთლიანად ტურისტული სექტორი.

თუ აპლიკაციაში დარეგისტრირდებოდა 700-მდე კომპანია, თითოეულს 10-12 ოჯახი რომ ენახა, ვისაც მწვანე ზონაში უნდა ცხოვრება, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი შემოვიდოდა. შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემი, რაც დღეს არის, მინიმუმ გაათმაგდებოდა. ეს შანსი საერთოდ დაიკარგა. ვერ გამოვიყენეთ მწვანე ქვეყნის სტატუსი”, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ტურისტული კომპანიები “მომწვევ ორგანიზაციად” აპლიკაციაში ახლახანს დაამატა, დღეს კი საქართველოს მწვანე ქვეყნის სტატუსი უკვე აღარ აქვს.