მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაციაზე საგარეო ფაქტორების წნეხი შენარჩუნდება" - როდიდან შემცირდება ფასები?

629a041d88e87
ელენე გოგბერაშვილი
03.06.22 19:55
968
მაისში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 13.3%-ს მიაღწია. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათის ფასების მატებამ იქონია, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. მათ შორის მკვეთრად არის გაზრდილი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი საქონლის ღირებულება. ბოსტნეულის და ბაღჩეულის ფასი 51%-ზე მეტად არის გაძვირებული. 20%-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფში. კომუნალურების ჯგუფში კი ფასების ზრდა 16%-ს აჭარბებს.

ინფლაციის დონის შემცირების მიმართულებით დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება უჭირთ ანალიტიკოსებს. G&T-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ „საგარეო ფაქტორების წნეხი ფასების ზრდის მიმართულებით შენარჩუნდება“. წელს G&T საშუალო ინფლაციის დონეს 10,5%-ზე პროგნოზირებს, თუმცა ევა ბოჭორიშვილი არ გამორიცხავს, რომ საინვესტიციო ბანკმა აღნიშნულ პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედოს.

ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას, რუსეთის მიერ ზეთის ექსპორტზე გადასახადის ზრდას, ასევე მსოფლიოში ხორბლის ფასებთან დაკავშირებით ზრდის მიმართულებით არსებულ მოლოდინებს, ჩვენ რასაც ვუყურებთ, ამ ყველაფერს ექნება გავლენა ინფლაციის ზრდის მიმართულებით. მომდევნო თვეებში უფრო მაღალი ბაზა გვაქვს და შესაბამისად, აქ შესაძლებელია, რომ ველოდოთ ინფლაციის შენელებას, თუმცა თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ზრდის მიმართულებით გადავხედოთ ინფლაციის პროგნოზს.

აპრილში ინფლაცია როცა გაიზარდა, ვპროგნოზირებდით, რომ ცენტრალურ ბანკს ამაზე რეაგირება ექნებოდა, რაც მაისის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე არ მოხდა, თუმცა ივნისის სხდომაზე ველოდებით, რომ მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე, რეაგირება ექნება ეროვნულ ბანკს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ გაიზარდა საბაზო ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდების ფაქტორებთან ერთად გადაზრდილია მოლოდინები, რაზეც ეროვნულ ბანკს რეაგირება ექნება.

წინა რელიზში მითითება იყო, რომ შეიძლება გამკაცრება მოხდეს, უცხოური ვალუტის სესხების მხარეს და მოხდეს დარეზერვების ნორმების ზრდა, რომ შენელდეს უცხოური ვალუტის სესხები, შესაბამისად შეიძლება უცხოური ვალუტის მხარეს მოხდეს გამკაცრება, თუმცა ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება იქიდან გამომდინარე, რომ პროცენტის ზრდა ლარსაც დაეხმარება და ლარის სტაბილურობასაც", -აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის დავით კეშელავას შეფასებით კი, ინფლაციის დონეს მეტწილად საგარეო ფაქტორები განსაზღვრავს, შესაბამისად, აქ ეროვნული ბანკის პოლიტიკას დიდად ინფლაციის დონის ფორმირებაზე გავლენა არ აქვს.

რაც არ უნდა მკაცრი ზომები მიიღონ, ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალ დონეზე ვერ შემცირდება, სანამ საგარეო ფაქტორები ისევ განმსაზღვრელი იქნება. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებას, რომელიც არის მთავარი ინსტრუმენტი, რასაც იყენებს ეროვნული ბანკი ინფლაციის კონტროლისთვის, ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდისგან. სებ-ი კარგად აცნობიერებს, რომ ძირითადად, მაინც საგარეო ფაქტორებით არის ეს [ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი] გამოწვეული და მიზნობრივ მაჩვენებელზე შემცირება მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით შეუძლებელი იქნება.

გაამკაცრებს თუ არა ეროვნული ბანკი მპკ-ის შემდეგ სხდომაზე განაკვეთს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვითარება იქნება მსოფლიოში და როგორი იქნება იმ პერიოდისთვის ინფლაციური მოლოდინები. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელს შემცირების ტენდენცია არ აქვს, ამიტომ ან იგივეს დატოვება ან გამკაცრება უფრო მეტად არის მოსალოდნელი", - აცხადებს დავით კეშელავა.

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების დოკუმენტის მიხედვით, წელს ქვეყანაში საშუალოდ 9.1%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ეს მაჩვენებელი ზუსტად ორჯერ აღემატება 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენის დროს განსაზღვრულ პროგნოზს, რომლითაც წელს საქართველოში საშუალოდ 4.5%-იანი ინფლაცია უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პროგნოზს, სებ-ის გათვლებით, 2022 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია საშუალოდ 10.5% იქნება, ის მესამე კვარტალში დამატებით 7.85%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო მეოთხე კვარტალში 7% უნდა გახდეს. შესაბამისად, სებ-ი წლის ბოლოსთვის ინფლაციის კლებას პროგნოზირებს. 2023 წლიდან კი ინფლაციის დონე ჯერ 5%-ს შემდეგ კი, საპროგნოზო 3%-ს უნდა დაუბრუნდეს.