მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაციის პირობებში, ფასების შესანარჩუნებლად გარკვეული მექანიზმი უნდა შემუშავდეს“ - რეკომენდაციები

62a308ac3ccb3
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.22 14:52
608
„საზოგადოება და ბანკებმა“ სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვაში ის რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომელიც ამ დარგებში არსებული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ინფლაცია, გაზრდილი რეგიონული რისკების გავლენა - საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში ამ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციებია წარმოდგენილი, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„მოსახლეობის მოხმარებული სურსათის და სხვა პირველადი მოხმარების საქონლის თითქმის ნახევარი იმპორტირებულია. ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული სუბსიდიების მიუხედავად რეალური წარმოება ძალიან მცირე ტემპით იზრდება და ქვეყანაში აშკარა პრობლემებია საკვების ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი კერძო სექტორის დაბალი ჩართულობაა სოფლის მეურნეობის სექტორში და შედეგად დაბალი ეფექტურობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სუბსიდირების მიზნობრივი განაწილება.

მაღალი ინფლაციის პარალელურად, დამატებითი რეგულაციების შემოღება გაზრდის ხარჯებს და მომხმარებლებს გაუძვირებს საკვებს. სურსათის უვნებლობა მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება ხარისხის სტანდარტები, რაც დადებითად აისახება საკვების უსაფრთხოებაზე. თუმცა, საცალო სექტორის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაგეგმილმა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) მოსალოდნელმა ამოქმედებამ მნიშვნელოვანი გამოწვევები შეიძლება შექმნას.

გაზრდილი რეგიონული რისკების შედეგად მოსალოდნელია ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები შეიქმნას მიწოდების ჯაჭვში და პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პროცესში. მნიშვნელოვანია, მთავრობამ აქტიურად ითანამშრომლოს იმპორტიორებთან და მათ მოქნილი საგადასახადო გარემო შესთავაზოს. ასევე, ხელი შეუწყოს ექსპორტიორებს ახალი ბაზრების მოძიების და ექსპორტის დივერსიფიცირების მიმართულებით.

რიტეილერთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისთვის ყველაზე მწვავე პრობლემები არის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით შემუშავდეს გარკვეული მექანიზმი, რომელიც ფასების მყისიერი ზრდისგან დაიცავს პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობის მონაწილეებს.

შინამეურნეობების ხარჯების თითქმის ნახევარი პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის. აქციზი ნავთობზე მნიშვნელოვნად აძვირებს სამომხმარებლო კალათას. მნიშვნელოვანია, მიმდინარე ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მთავრობამ შეამციროს აქციზი ნავთობპროდუქტებზე და ამ ქმედებით ხელი შეუწყოს ფასების დასტაბილურებას“, - ნათქვამია მიმოხილვაში.