10.ოქტომბერი .2019 09:50

"ინფლუენსერების" სტარტაპი 1 300 000 ლარით

views 305
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "ინფლუენს ჯორჯიამ" გლობალური სტარტაპ ფონდის ებრაელ ინვესტორთან დავიდ ზერასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა და მათთან ერთად 1 300 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის 50% (650 ლარი) GITA-ს გრანტით დაფინანსდება, ხოლო 50 %-ს (650 ლარი) გლობალური სტარტაპ ფონდის უცხოელი ინვესტორი დააფინანსებს.

დავიდ ზერას მენეჯმენტში მუშაობის 25–წლიანი გამოცდილება აქვს, არის სტარტაპ Screenz-ის ერთ-ერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველი. 

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი "ინფლუენს ჯორჯია" სრულად ავტომატიზებული ინფლუენს მარკეტინგ პლატფორმის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია, კომპანიის პროდუქტი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა. 

როგორც BM.GE-ს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განუცხადა, "ინფლუენს ჯორჯიას" ჩათვლით, ჯამში 4 გამარჯვებული სტარტაპ კომპანიაა, რომელთანაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"კერძო დაფინანსება უფრო მეტი მოდის, ვიდრე სახელმწიფო დაფინანსებაა და ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ კერძო ინვესტიციები გასულიყო ინოვაციური ბიზნესის დასაფინანსებლად. "ინფლუენს ჯორჯიას" ჩათვლით, ჯამში 4 გამარჯვებული სტარტაპ კომპანიაა, რომელთანაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინვესტიციების რაოდენობა მარტო 4 კომპანიასთან მიმართებაში 2 მლნ ლარს ასცდება", - განმარტა კასრაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს და საერთო ბიუჯეტი 1 298 200 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა