მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფორმაცია გვიან მოგვაწოდეს, ჩვენც არ ვიცოდით" - "კულა" ელ.ენერგიის ტარიფის სუბსიდიაზე

601ac8e76b2ff
სალომე მეცხვარიშვილი
03.02.21 21:00
926
2021 წლიდან ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე კომერციული სექტორისთვის 11-13 თეთრით გაიზარდა. მთავრობამ გადაწყვიტა, ნაზარდი ტარიფის 50% საწარმოების ნაწილს დაუსუბსიდიროს, რათა სურსათი არ გაძვირდეს. შეღავათი ეხებათ სწორედ იმ კომპანიებს, რომლებიც სურსათს აწარმოებენ. სუბსიდიის მისაღებად კომპანიებს რეგისტრაცია 27 იანვარამდე უნდა გაევლოთ, თუმცა, ეს დაახლოებით 400-მა კომპანიამ მოახერხა, დანარჩენებს ეს ან გამორჩათ, ან ვერ მოასწრეს.

მთავრობამ ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქცია არ გაძვირებულიყო. თუმცა, ამ ეტაპისთვის ასობით კომპანია, რომელიც სწორედ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, შეღავათის მიღმაა დარჩენილი, რაც შესაძლოა, ფასებზეც აისახოს.

ექნებათ თუ არა მეორე შანსი კომპანიებს, რომლებსაც ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ეკუთვნით და რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს ან გამორჩათ?

საკონსერვო საწარმო “კულაში” აცხადებენ, რომ დღეს კომუნიკაცია ჰქონდათ ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაძლოა, შეღავათების მისაღებად რეგისტრაცია ხელახლა გამოცხადდეს, რომლის ვადაც 27 იანვარს ამოიწურა.

“ველაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს და გვითხრეს, რომ შეიძლება იყოს მეორე ეტაპი, სადაც ჩართვა შეგვეძლება. მეორე ეტაპი იქნება თუ არა, დადასტურებულად თავადაც არ იციან”,- აცხადებს “კულას” დამფუძნებელი, ივანე გოგლიძე.

იმაში, რომ “კულას” შესაბამის პლატფორმაზე რეგისტრაცია დააგვიანდა, კომპანია საკუთარ შეცდომასაც ხედავს, თუმცა, შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხრიდან არასთანადო კომუნიკაციაზეც მიუთითებს.

“ჩვენი ბრალიც არის და მათიც, რომ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როგორც გვაწვდიან ხოლმე… ინფორმაციის მოსაწოდებლად სხვადასხვა არხებს იყენებენ ხოლმე, რეკავენ, გვიგზავნიან ელ-ფოსტებს, ახლა მაქსიმალურად შეზღუდული იყო ეს ინფორმაცია და გავიგეთ ჟურნალისტებისგან.

ელექტროენერგიის ტარიფის მომატებაზე მოდიოდა ხოლმე ხელშეკრულება, რომ კონკრეტული თარიღიდან კონკრეტული ტარიფი იმოქმედებს. ახლა ასე არ მოხდა. ხომ უნდა მომაწოდონ ინფორმაცია? იქნებ, მე არ მინდა ამ ტარიფით ფუნქციონირება და საერთოდ ვეუბნები, რომ გამითიშონ ელექტროენერგია?!

ინფორმაცია გვიან მოგვაწოდეს, ჩვენც არ ვიცოდით... მაგრამ მასობრივად რომ ყოფილიყო გამოცხადებული შეღავათებისა და რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ, რა თქმა უნდა, დავრეგისტრირდებოდით ამ პლატფორმაზე”,- აცხადებს ივანე გოგლიძე.

ბიზნესს დააგვიანდა?! - ვინ და რატომ დარჩა ელ.ენერგიის 50%-იანი სუბსიდირების გარეშე