01.აგვისტო .2020 22:22

"ინსტავაინი“ - ღვინის ბრენდი სოციალური ქსელის შთაგონებით

views 459
უკან

ბაზარზე ღვინის ბრენდი „ინსტავაინი“ გამოჩნდა, რომელიც სოციალური ქსელის შთაგონებითაა შექმნილი და სამიზნე სეგმენტად ახალგაზრდებს მოიაზრებს. ამის შესახებ BM.GE-ს „ინსტავაინის“ დამფუძნებელმა ავთანდილ ჭარბაძემ განუცხადა.

„გვსურს, ჩვენმა ღვინომ „ინსტაგრამზე“ ფერადი „სთორების“ გამოქვეყნება უზრუნველყოს“, - აღნიშნავს „ინსტავაინის“ დამფუძნებელი.

 „ინსტავაინის“ საფერავი ბაზარზე 4 თვეზე მეტია, რაც გამოჩნდა, თუმცა, ბრენდი, ძირითადად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გააქტიურდა. მისი დამფუძნებლის განმარტებით, „ინსტავაინის“ საწყისმა ინვესტიციამ დაახლოებით 15 000 ლარი შეადგინა.

ავთანდილ ჭარბაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, „ინსტავაინი“ „ღვინის სახლსა“ და „8000 მოსავლის“ რამდენიმე ფილიალში იყიდება, ასევე იგეგმება ონლაინ მაღაზიის დამატებაც, რომელიც მიტანის სერვისის მიმართულებასაც მოიცავს. რაც შეეხება ღირებულებას, მოიაზრება, რომ სტანდარტული ბოთლით ღვინის ფასი 20 ლარი იქნება.

ამასთან, როგორც ავთანდილ ჭარბაძე განგვიმარტავს, „ინსტავაინის“ გუნდი ჯერ საბოლოოდ დაკომპლექტებული არაა, თუმცა მოიაზრება, რომ პროცესში დაახლოებით 15 ადამიანი ჩაერთოს. ასევე, სამომავლო გეგმები კონკრეტულად „ინსტავაინის“ ქარხნის გახსნასაც მოიცავს, რაც დამატებით, დასაქმებულთა რაოდენობასაც გაზრდის.

ავთანდილ ჭარბაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორზეც, რომ განიხილება „ინსტაგრამთან“ თანამშრომლობაც, რაც განხორციელების შემთხვევაში, სამომავლო გეგმებზე იქონიებს გავლენას და წარმადობის ზრდასაც შეუწყობს ხელს. თავდაპირველად, წელიწადში 200 000 ბოთლის წარმოებაა გათვალისწინებული, „ინსტავაინის“ ქარხნის საინვესტიციო ღირებულებად კი 300 000-დან 500 000 ლარამდე თანხა მოიაზრება.