03.დეკემბერი .2021 22:20

"Inter Rao-სთან გაფორმებული ხელშეკრულება უხარისხო და ბუნდოვანი იყო" - ენერგეტიკოსი

"Inter Rao-სთან გაფორმებული ხელშეკრულება უხარისხო და ბუნდოვანი იყო" - ენერგეტიკოსი
views 626
უკან

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრეს.

გადაწყვეტილება რამდენიმეწლიან სატარიფო დავას უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ მის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალი, რასაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მემორანდუმი ითვალისწინებდა.

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განმარტავს, რომ Inter Rao-სთან თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით უხარისხო დოკუმენტი იყო და ბუნდოვან დათქმებს და გარანტიებს შეიცავდა, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევალებოდა. ამასთანავე, ეს ხელშეკრულებები წარმოადგენდა პირდაპირ ჩარევას სემეკის ფუნქციებში, რომელიც კანონის მიხედვით დამოუკიდებელი მარეგულირებელია და სწორედ ის არის ტარიფების განსაზღვრაზე პასუხისმგებელი.

“ეს ხელშეკრულება სახელმწიფოს მხრიდან პირველად 2007 წელს გაფორმდა და იმდენად ჩამოუყალიბებელი და უხარისხო დოკუმენტი იყო და იმდენად არღვევდა ჩვენთან დაწყებული რეფორმის ლოგიკას ინსტიტუციური პასუხისმგებლობების შესახებ, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებები მაქსიმალურად თავიდან უნდა მოვიშოროთ.

ერთმანეთში იყო არეული გენერაციის კომპანიის, გამანაწილებელი კომპანიის, გასაღების კომპანიის ხარჯები და ტარიფები, აღებული იყო სამომავლოდ ტარიფების ესკალაციის ჩანაწერი იმ ხელშეკრულებაში რაც ნანახი მაქვს. იყო ჩადებული ტარიფთან და გაცვლით კურსთან დაკავშირებით ბუნდოვანი პირობები, რაც მთავარია ეს იყო მთავრობის მხრიდან უხეში ჩარევა სემეკის ფუნქციებში. ამ ხელშეკრულების განახლება 2011 წელს მოხდა, ასევე 2013 წელს და ლოგიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა აქ ენერგეტიკის სექტორში წესრიგის დამყარებას, კიდევ გაგრძელდა,”- აცხადებს მარგველაშვილი.

უკვე 2017 წელს “თელასი” საქართველოსგან $200 მილიონს მოითხოვდა, რაც ტარიფებში უნდა ასახულიყო, თუმცა სემეკმა ტარიფები დაადგინა არა კომპანიასთან არსებული ორმხრივი ხელშეკრულების გათვალისწინებით, არამედ იმ მეთოდოლოგიით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა.

მარგველაშვილის თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებები არ უნდა ფორმდებოდეს, რადგანაც ისეთ გავლენიან კომპანიებთან მოლაპარაკებებისას როგორიცაა Inter Rao ან გაზპრომი, პოლიტიკოსებმა მოკლევადიანი ამოცანების მისაღწევად, არასწორი დათმობები გააკეთონ და ბუნდოვანი გარანტიები გასცენ.

“ეს არის შედეგი, როდესაც პოლიტიკოსები მოკლევადიანი ინტერესებისთვის იყენებენ ისეთ დარგს როგორიცაა ენერგეტიკა. სემეკი სწორედ ამიტომ არსებობს რომ მან დაადგინოს და განსაზღვროს სამართლიანი ტარიფები. სემეკმა სწორად დაიცვა კანონი და როგორც კანონის მიხედვით ევალებოდათ, ისე განახორციელეს ტარიფის დადგენა. შესაბამისად, ის წინაპირობა, რომელიც იყო ჩადებული და მართლა 200 თუ 80 მილიონია, დავის საგანი და გაუგებრობის საგანი იმიტომაა, რომ არ იყო კარგად ჩამოყალიბებული არც პირველადი ხელშეკრულება და სავარაუდოდ, არც შემდეგი დოკუმენტები

ირინა მილორავას მმართველობის დროს, სემეკმა დაიცვა ის კანონი, რომლითაც განისაზღვრება სემეკის მიერ ტარიფები.

თავიდან უნდა ავირიდოთ გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებები და უნდა გადაიხედოს ასეთი ხელშეკრულებები. ეს ქმნის გარე ჩარევების საფრთხეს, როდესაც დახურული მოლაპარაკებები ხდება, იქ დიდი შანსია, რომ ისეთი დომინანტი მოთამაშე როგორიცაა “Inter Rao” ან გაზპრომი ან სოკარი მოახერხებენ და თავიანთ გავლენას განახორციელებენ პოლიტიკოსებზე,”- ამბობს მარგველაშვილი.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.

თუმცა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დაპირება სწორედ ენერგო ტარიფების დაკლება იყო, რაც 2013 წელს განხორციელდა. სავარაუდოდ ამ დათმობაზე კომპანია წავიდა იმ პირობით, რომ სახელმწიფომ მასთან განახლებული მემორანდუმიდან ამოიღო მოთხოვნა, რომ Inter Rao-ს მდინარე ხრამზე $193-მილიონიანი ინვესტიციით ახალი ჰესები უნდა აეშენებინა, რომელთა სიმძლავრეც 85 მეგავატი უნდა ყოფილიყო. ამ ჰესების აშენების მოთხოვნა კომპანიას ვალდებულებად 2008 წელს, "ხრამჰესი 1"-ის და "ხრამჰესი 2"-ის შეძენის დროს განესაზღვრა. აღნიშნული ცვლილება მხარეთა შორის მემორანდუმშიც შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა