მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტერნეტს განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ მოსწავლეებსაც დავუფინანსებთ" - "ჩართეს" საერთაშორისო ანალოგი

6286771769186
ალა ისპირიანი
19.05.22 22:30
1241
საქველმოქმედო პლატფორმა "ჩართეს" საერთაშორისო ანალოგი შეიქმნა, რომელიც შემომწირველთა მხარდაჭერით ინტერნეტზე წვდომის საშუალებას განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ მოსწავლეებს მისცემს.

Bm.ge-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ჯიბლაძემ განაცხადა, რომ ახალი კომპანია ამერიკაში დაფუძნდა და გუნდი საქართველოს გარდა, უგანდასა და ბანგლადეშის მოწყვლად მოსწავლეებთანაც მუშაობს.

მისივე თქმით, 2022 წლის ბოლომდე პროექტს კენია, ინდოეთი და მალავი დაემატება.

"დღეს მსოფლიოში დაახლოებით 1.1 მილიარდ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მათი 67% გოგონაა. ბავშვები მოკლებულები არიან განვითარების იმ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომელსაც ინტერნეტი გვთავაზობს. GiveInternet.org მსოფლიოში პირველი პლატფორმაა, რომელიც დონორთა მხარდაჭერით განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტსა და კომპიუტერს უფინანსებს მოწყვლად ახალგაზრდებს. პროექტს ქართული სტარტაპის, „ჩართეს“ გუნდი ახორციელებს. GiveInternet.org არის „ჩართეს“ საერთაშორისო ანალოგი.

GiveInternet.org „ჩართეს“ სამწლიანი მუშაობის შედეგია. პლატფორმის უახლესი ვერსიის შექმნა, განვითარება და პოპულარიზაცია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ დააფინანსა. ვებსაიტი უკვე სრულად გამართულია და დონორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეძებს. ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული, როგორც 501(c)(3) არაკომერციული ორგანიზაცია. გუნდი საქართველოს გარდა, უგანდასა და ბანგლადეშის მოწყვლად მოსწავლეებთანაც მუშაობს. 2022 წლის ბოლომდე პროექტს კენია, ინდოეთი და მალავი დაემატება.

უგანდაში GiveInternet.org-ის დონორებს შეუძლიათ, ინტერნეტთან წვდომა და კომპიუტერები დაუფინანსონ 16-21 წლის მოსწავლეებს, რომლებიც პარტნიორ არაკომერციულ ორგანიზაციაში (African SOUP) სწავლობენ. ისინი ორწლიანი ტრენინგების გავლის შემდეგ დაწყებითი სკოლის მასწავლებლები უნდა გახდნენ. პანდემიის დროს, როდესაც ორგანიზაციის პედაგოგებმა სცადეს ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, მათ აღმოაჩინეს, რომ არცერთი მოსწავლე არ ფლობდა კომპიუტერს და მხოლოდ 25% ფლობდა სმარტფონებს. საწყისი მიზანი 100 მოსწავლისთვის ლეპტოპის შეძენაა.

ბანგლადეშში პროექტი ემსახურება იმ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარებას, რომლებიც ბანგლადეშის ქუჩებში ცხოვრებისაგან გადაარჩინეს და ახლა უსახლკარო და ობოლი ბავშვების მუდმივ საცხოვრებელში ცხოვრობენ. საწყისი მიზანია “მშვიდობის სახლში” მცხოვრები 30 მოსწავლისთვის (ასაკი 15-18) კომპიუტერის შეძენა“, - ამბობენ კომპანიაში. 

ცნობისთვის, ქართული სტარტაპი "ჩართე" საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ინტერნეტი და ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს დაუფინანსოს.