მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორები მსხვილი ინვესტიციებისგან თავს შეიკავებენ" - რას გამოიწვევს საგარეო ვალის ზრდა?

5fad2e78da2e6
ინგა მურუსიძე
12.11.20 22:17
1027
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 62% იქნება. ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა The CheckPoints-ის წამყვან ელენე კვანჭილაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სავალუტო ფონდის მისიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები 5-9 ნოემბრის პერიოდში იმართებოდა და მის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომ 2021 წელს მთავრობამ ბიუჯეტი 5.1%-ის ნაცვლად, 7.6%-იან დეფიციტზე დაგეგმოს.

Bm.ge-მ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსს, ბესო ნამჩავაძეს ჰკითხა, თუ რას ნიშნავს მთავრობის საგარეო ვალის ეს ნიშნული საქართველოსთვის და რისი მანიშნებელი იქნება ის ინვესტორებისთვის, რაზეც ნამჩავაძის მოსაზრება შემდეგია:

„ბიუჯეტის პროექტით ქვეყანაში ვითარება გაუარესებულია პანდემიის გამო, აქედან გამომდინარე 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ნაცვლად, იქნება 4,3%. ამან უკვე გაზარდა ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან და ამასთან ერთად, რადგან პანდემიის მეორე ტალღაა, საჭირო გახდა სოციალური და სხვა ხაჯების ზრდა, ეს არის მთავრობის ახსნა, თუ რატომ გახდა საჭირო მთავრობის ვალის გაზრდა. 2021 წლის ბიუჯეტის დღემდე მოქმედი პროექტით ეს კარგად იყო დაბალანსებული, ვალი იზრდებოდა მხოლოდ 560 მილიონი ლარით, მაგრამ აქ არ იყო გათვალისწინებული პანდემიის მეორე ტალღის გავლენა. ახლა უკვე, როგორც ფინანსთა სამინისტრო წინასწარ ამბობს, მთავრობის ვალი 60%-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საგარეო ვალი, გაიზრდება შიდა ვალიც, თუმცა დიდი წილი ალბათ საგარეო ვალი იქნება“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური აქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა შეზღუდულია, რომ ვალი გაიზარდოს მშპ-ის 60%-ზე მეტად, თუმცა, იგივე აქტი უშვებს გამონაკლისს ფორსმაჟორთან დაკავშირებით. ამასთან, ამავე დათქმით, 2023 წლისთვის ვალი უნდა ჩამოვიდეს 60%-ზე ქვემოთ.

ბესო ნამჩავაძის განცხადებით, 60%-ზე მეტი ვალი ითვლება განვითარებადი ქვეყნისთვის მძიმე ტვირთად და სასურველი არ არის.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვალი ყველა ვარიანტში მძიმეა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მომსახურების ბევრი იქნება გადასახდელი და შესაძლოა, მილიარდნახევარზე ავიდეს ძირის დაფარვა.

„გარდა ამისა, მთავრობის ვალის ზრდა იწვევს იმას, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იქნება მაღალი, ხოლო როცა დეფიციტი მაღალია, ეს ქვეყნის მაკროეკონომიკისთვის ცუდის მანიშნებელია, ამას კი ფასებზე, ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა აქვს“.

რაც შეეხება მთავრობის ვალის ზრდის გავლენას ინვესტიციებზე, ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ ეს ინვესტორებისთვის ცუდი გზავნილია და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე ცუდად იმოქმედებს.

„ინვესტორები თავს შეიკავებენ საქართველოში მსხვილი ინვესტიციების ჩადებისგან, რადგან რაც უფრო დაბალი აქვს ქვეყანას მთავრობის ვალი, მით უფრო ნაკლები შანსია, რომ ვალები ვერ გადაიხადოს, არ ემუქრება დეფოლტი და არ არის რისკები, რომ ეკონომიკური არასტაბილურობა დაიწყოს. ეს 60% არის ზღვარი, როცა გადადიხარ არასტაბილურობის რიკსში“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

გამოსავლად ანალიტიკოსი ერთ რამეს ასახელებს - მთავრობამ უნდა შეამციროს არამიზნობრივი ხარჯები, რაც არის მაგალითად ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული ხარჯები და ა.შ., რაც მთავრობას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მივიდა მთავრობა აქამდე, ბესო ნამჩავიძე ძირითად მიზეზად პანდემიას ასახელებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ გასულ წლებშიც იზრდებოდა ვალი, რადგან მთავრობა იმაზე მეტ ფულს ხარჯავდა, ვიდრე იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში. „თუმცა სწრაფი ავარდნა პანდემიის ბრალია და თითქმის ყველა ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია“, - ამბობს ანალიტიკოსი.