მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორებისთვის უფასო მიწის შეთავაზების მსგავსი მიდგომები აღარ არის კონკურენტუნარიანი"

5edb4cd055d50
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 12:25
1776

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი bm.ge-თან ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას აფასებს. მისი განცხადებით, ის მიდგომები, რაც ქვეყანას აქამდე ჰქონდა, დღეს არაკონკურენტნარიანია. ბოჭორიშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს „ხარისხიან“ ინვესტორებზე აქცენტის გადატანას და იმ სექტორების განსაზღვრას ურჩევს, სადაც პოტენციალია ინვესტორები დავაინტერესოთ. 

„გასულ წლებს სახარბიელოდ ნამდვილად ვერ შევაფასებდი. რაც მახსენდება, ესაა იაპონური ინვესტიციის დაანონსება ენერგეტიკის სექტორში, რაც მისასალმებელია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ეს კონკრეტული მაგალითი მახსენდება. მნიშვნელოვანია აქცენტი გავაკეთოთ ხარისხიან ინვესტორებზე, რადგან ხარისხიან ინვესტორებს მოაქვს უფრო მაღალი ღირებულება. ეს არის იგივე ტექნოლოგიების შემოდინება, ესაა უნარების გაუმჯობესება, კორპორატიული მმართველობის დანერგვა და სხვადასხვა ის მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის წინსვლას ხელს უწყობს და ხარისხიანი ცხოვრების და ღირებულების შემქმნელია.

ამ ინვესტორებთან მუდმივი კავშირი და ურთიერთობა მიზნობრივად ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ვხედავდეთ მთავრობის წევრები როგორ ხვდებიან ამ კომპანიებს, ყოველდღიურ რეჟიმში ჩამოდის კომპანიები ჩვენთან და კონკრეტულ პროექტებსაც ვთავაზობთ. აქ არ არის აუცილებელი კონკრეტული მიმართულებით ბიზნესგეგმა დაიწეროს, მაგრამ მე არ მინახავს სია, თუ რომელ სექტორებში, რომელი კომპანიები შეიძლება მოვიწვიოთ და დავაინეტრესოთ ჩვენი ქვეყნით.

უკვე გამოვედით იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვენ ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ უბრალოდ უფასო მიწა ან გადასახაადებისგან 10 წლით გათავისუფლება. მსგავსი მიდგომები უკვე აღარ არის კონკურენტუნარიანი. სწორედ კონკურენტუნარიანი რომ გახდეს ქვეყანა, ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის, კარგი რეგულაციის და კანონების და პლიტიკური ნების ერთობლიობა. სწორედ ეს უნდა დაინახოს ყველამ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყანაში შემოვიდეს“-აცხადებს ბოჭორიშვილი.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მთავრობას ქვეყანაში არსებულ ინვესტორებთან სათანადო კომუნიკაციას უწუნებს და აცხადებს, რომ მათზე ზრუნვა და ურთიერთობის გაღრმავება წინაპირობაა მათთან დაკავშირებული პოტენციური ინვესტორები მოვიზიდოთ.

„კიდევ უფრო მარტივია არსებული კომპანიების დაინტერესება, რომ გააფართოვონ საქმიანობა საქართველოში ან მათი მეშვეობით კიდევ მეტი სხვა კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან მათ უშუალოდ აქვთ წვდომა, ნაცნობობა ბევრ იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენთვის სასურველია და გვინდა ქვეყანაში შემოვიყვანოთ.

ეს აქტივობები ნაკლებია დღეს და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პირველ რიგში არსებული პოტენციალი შევისწავლოთ. ეს არის ყველაზე მოკლე გზა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება ვნახოთ ჩვენს ქვეყანაში“-აცხადებს ბოჭორიშვილი.

მთავრობა კი ახალ საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობს და ინვესტორების დასაინტერესებლად ფსონს FDI-ის რეალოკაციაზე დებს.


ნაკლებად დამაიმედებელია პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული შეფასების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19%-იანი შემცირება არის პროგნოზირებული. ეს აბსოლუტურ რიცხვებში ინვესტიციების $241-მილიონიან შემცირებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, 2019 წელს FDI 2018 წელთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა და  $1.267 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.