29.ივნისი .2021 09:40

"იპოთეკის სუბსიდირებით მხოლოდ მაღალი ფენის მოქალაქეები ისარგებლებენ"- ეკონომისტები პრემიერის ინიციატივაზე

"იპოთეკის სუბსიდირებით მხოლოდ მაღალი ფენის მოქალაქეები ისარგებლებენ"- ეკონომისტები პრემიერის ინიციატივაზე
views 532
უკან

მთავრობა ოჯახებისთვის ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

“მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები”, - თქვა პრემიერმა.

რამდენად იქნება დემოგრაფიულ გამოწვევებზე პასუხი რევოლუციური, როგორადაც ეს ინიციატივა მმართველი პარტიის დეპუტატებმა შეაფასეს, ამას დრო აჩვენებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც პრემიერმა გასულ კვირას პარლამენტში თქვა. თუმცა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დააზუსტა, რომ ინიციატივა იმ ოჯახებისთვისაა, რომლებიც გამრავლებაზე ზრუნავენ, თუმცა ასევე დაეხმარება დეველოპერულ სექტორს.

„პროგრამის ამოცანა პირველ რიგში ქართველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა, იმიტომ რომ თითოეული ახალი წევრი - ახალშობილი არამხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მგონი სამართლიანია, რომ სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯების და პასუხისმგებლობის გაზიარებით. რასაკვირველია, ეს იმ დეველოპერების დახმარებაცაა, რომლებიც ახალ შეთავაზებას გააკეთებენ, მაგრამ მთავარი ამოცანა ოჯახებისთვის, რომელიც გამრავლებაზე ზრუნავენ, საცხოვრებელი ფართების ხელმისაწვდომობა“-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ეკონომისტების შეფასებით, პრემიერის ინიციატივა უფრო პოპულიზმსა და დემოგრაფიულ სენტიმენტენზეა აწყობილი, ვიდრე ეკონომიკური ან სოციალური ფაქტორებით მოტივირებული. გიორგი პაპავა განმარტავს, რომ თუ ეს პროგრამა მართლაც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზეა მიმართული, შესაძლებელია სხვა უფრო ეფექტური მხარდამჭერი მექანიზმების გამოყენება, რადგან ის ფენა, რომელსაც მეტად სჭირდება დახმარება ამ პროგრამის ბენეფიციარი ვერ იქნება.

“იპოთეკური სესხები ზოგადად აქვთ საქართველოს მოსახლეობის შედარებით უფრო შეძლებულ ადამიანებს და ნაკლებად ღარიბ მოსახლეობას, ამიტომ ამ პროგრამით ისარგებლებენ შედარებით საშუალო და მაღალი ფენის მქონე ადამიანები, და არ ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო ვალი საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილი გვაქვს, გვიჭირს იგივე სოციალური ვალდებულებების მომსახურება, ამ დროს შედარებით შეძლებულ მოსახლეობის სუბსიდირება უნდა განვახორციელოთ.

არ მგონია, რომ ამისთვის ჩვენი გადასახადებიდან უნდა ვიხადოთ ფული და ამ ადამიანებს ვუბიძგოთ, რომ ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება მიიღონ.

ჩემი აზრით, სამშენებლო სექტორმა უკვე გადალახა პანდემია და გარკვეული მხარდაჭერა მიიღო. უხეშად რომ ვთქვა, რაც ეკუთვნოდა ამ სექტორს ხალხისგან, იმაზე მეტი დახმარება აქვს მიღებული ანუ არ არსებობს მიზეზი, რატომაც ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მომგებიანი სექტორის მხარდაჭერა და ფულის ხარჯვა უნდა გავაგრძელოთ“-აცხადებს გიორგი პაპავა.

„ეს თანხა იქნებ სხვა უკეთესი მიზნებისთვის გამოვიყენოთ და უფრო ადვილად უპასუხოს პრობლემების გამოსწორებას. ეს თანხა პირდაპირ დეველოპერულ სექტორში წავა, თუმცა ცალკე სათქმელია, არის თუ არა საჭიროება სამშენებლო სექტორს დავეხმაროთ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შარშან კრიზისის პერიოდში გვქონდა ასეთი პროგრამა, რომელმაც მეტნაკლებად წარმატებით იმუშავა. 70 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 6 000-ზე მეტ სესხზე შევიდა სახელმწიფო თანადაფინანსებაში და ჯამურად 640 მლნ იყო იპოთეკური სესხის ფარგლებში გაცემული. ამან იმუშავა და გავიგეთ, მაგრამ საიდან მოვა ამ კრიზისულ პერიოდში ეს თანხები, რომელიც ამ სუბსიდირებას უნდა მოხმარდეს.

წინა წელს აღებული სესხების 120 მლნ ლარი 5 წელიწადში დასაფარია და ესეც გასათვალისწინებელია და მაშინ, როცა დეფიციტურ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ და მაშინ, როცა ძირითადად ვალებით ვაფინანსებთ წლევანდელ ხარჯებს, ვისურვებდი საზოგადოების ჩართულობა ყოფილიყო ამ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა ის, რომ დეტალები არ ვიცით, შეიძლება ამან ოპერაციები შეაფერხოს უძრავი ქონების მიმართულებით, რადგან ადამიანები დაელოდებიან, როდის ჩართავს მთავრობა ამ პროგრამას“-აცხადებს ირაკლი ჟვანია.

ამ ეტაპზე უცნობია იპოთეკური სესხების სუბსიდირების ფარგლებში სესხის რამდენ პროცენტს, რამდენი ხნით დაუსუბსიდირებს მთავრობა ოჯახებს. უცნობია პროგრამის ბიუჯეტიც. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების პროგრამის შესახებ ყველა დეტალი პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა