მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოთეკურ სესხებზე მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია" - რამდენმა ისარგებლა სუბსიდიით?

5f4dfbcb30da3
სალომე მეცხვარიშვილი
01.09.20 18:45
848
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა წელს ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ამის მასტიმულირებელი იყო მთავრობის პროგრამა, რომელიც იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გულისხმობს, თუმცა, მისივე თქმით, გააქტიურება მხოლოდ სახელმწიფო პროგრამას არ უკავშირდება. ის კონკრეტულ რიცხვებზეც საუბრობს.

"იპოთეკურ სესხებზე მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. იპოთეკური სესხების სუბსიდიების პროექტში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, უკვე 100 მილიონამდე ღირებულების სესხი იყო მოხვედრილი სუბსიდიის პროცესში, საუბარია 1 000-მდე სესხზე, აქედან, დაახლოებით, 25%-მდე არის, რომელმაც ისარგებლა სუბსიდირებითაც და საკრედიტო-საგარანტიო ფონდითაც (იგულისხმება სესხის თანაუზრუნველყოფაში მთავრობის მონაწილეობა და 20%-იანი გარანტია). განაცხადების რაოდენობა საკმაოდ დიდია, განახლებული ინფორმაცია, ალბათ 10 სექტემბრამდე იქნება", - აცხადებს ძნელაძე.

მისივე თქმით, იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნამ წელს გასული წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.

“წინა თვეებთან შედარებით "აფეთქება" მოხდა და უცებ გაიცა ძალიან დიდი რაოდენობის სესხი. თუმცა, მარტო იმ სესხებზე არ გააქტიურებულა მოთხოვნა, რომელიც სუბსიდირებულია, გაიზარდა მომართვიანობა სხვა სესხებზეც.

გარკვეული ცვლილებები უძრავი ქონების ფასთან მიმართებით არსებობს, მაგრამ ფასების კლების ტენდენცია არ გვაქვს, ეს არის უფრო ფასდაკლებები ან კონკრეტული შეთავაზებები. რამდენად გარდაიქმნება ეს ფასები კლებაში, შევხედავთ”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.