მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოთეკური სესხების სუბსიდირების შეჩერების მიუხედავად, უძრავ სექტორში ზრდა შენარჩუნებულია"

60cd948157121
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 13:00
822
საკმაოდ კარგი დინამიკაა უძრავ ქონებაში. აპრილის თვეში ჩვენ უკვე დავინახეთ რომ წლიდან წლამდე ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ გადაცემა BMGDRIVE-ში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, აპრილში, 2019 წელთან შედარებით, 3.5%-იანი ზრდა იყო.

„ველოდებით მაისის სტატისტიკის, ბანკის ინფორმაციით, იპოთეკები 10%-ით არის გაზრდილი 2019 წლის მაისთან შედარებით. პოზიტიური დინამიკა არის“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შეჩერების მიუხედავად, უძრავ სექტორში ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია. ცნობისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის 1 ივლისიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მოქმედებდა. „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის" ფარგლებში სახელმწიფომ 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარებს იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4% დაუსუბსიდირა.

“მოლოდინები საკმაოდ პოზიტიური გვაქვს, როგორც თბილისში, ასევე აჭარაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ახალი პროექტების განვითარება, ასევე ძველი პროექტების რეალიზაცია. უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით, გამოვარჩევდი ასევე გუდაურს, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი გააქტიურება სეზონის მოახლოებასთან ერთად იქნება, ალბათ ოქტომბერ-ნოემბერში“, - აღნიშნა გოგა თხელიძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უძრავი ქონების სექტორზე გავლენას ახდენს ტურიზმის ზრდაც.

„დიდწილად არაქართველი დაინტერესებული პირებიც ყიდულბენ უძრავ ქონებას. მათგან ბევრი თავიდან ტურისტია და როდესაც მოსწონთ ქვეყანა, შემდეგ იძენენ ქონებას. აქაც [ტურიზმში] კარგი დინამიკა გვაქვს, ვერ ვიტყვით რომ ახლოს ვართ 2019 წლის მაჩვენებელთან, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ 40-45% აღდგენა იქნება შესაძლებელი 2019 წელთან შედარებით. 2022 წელს კი, ვფიქრობთ რომ ტურიზმის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით უკეთესი იქნება“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენდირექტორის მოადგილემ.