მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირაკლი ღარიბაშვილმა ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს“ - ლაშა პაპაშვილი პრემიერს ამხნევებს

60438a9480f46
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.21 10:35
7161
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილთან თანამშრომლობის ძველ გამოცდილებას დადებით კონტექსტში იხსენებს და ამბობს, რომ მას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჩვევია.

Forbes Talks-თან ინტერვიუში ბიზნესმენი ამბობს, რომ "ქვეყანაში გამოსვლების და კარვების პერიოდი უნდა დასრულდეს, რადგან ეს პროცესები ბიზნესზე ნეგატიურად მოქმედებს".

„ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა საკმაოდ კარგად მახსენდება; რამდენიმე კრიტიკული საკითხი ოპერატიულად გადაწყდა; რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ მისი შს მინისტრობის პერიოდში, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ოპერატიულად გადამიწყვიტა. ზოგადად, რასაც ყველა ჩინოვნიკს ან რიგით მოხელეს ვთხოვთ, ესაა ოპერატიულობა. ზოგჯერ უარიც კარგი პასუხია. გადადებული საქმე გადაგდებულია. ჩვენი თაობისთვის არ დამთავრდა კარავი და გამოსვლები. ყველამ ერთად როგორმე უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი და საქმე ვაკეთოთ. საქმის კეთება კიდევ ერთმანეთის სკამის ყანყალით, ფანდით და ფეხის დადებით არ გამოდის... ბიზნესს ამოსუნთქვა სჭირდება, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ბიზნესმენი რადიკალური ნაბიჯების და დარგების მიხედვით გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავების მომხრეა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ახალ პრემიერთან შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა - რა ფორმატში,  ჯერ არ იცის.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ჩვენ ჩვენი სატკივარი უნდა ვუთხრათ და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება. ნებისმიერი ჩინოვნიკი, ზოგადად, ერი, ბერი, მოსამართლე, თუნდაც რიგითი პოლიციელი ბიზნესს გვერდით უნდა დაუდგეს, რადგან საშუალო ბიზნესს ყველაზე დიდი დარტყმა აქვს მიღებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ყველა მცირე ბიზნესის უკან უამრავი ოჯახი დგას და მათი დახურვა ძალიან დიდი ტკივილი იქნება; როგორმე უნდა შევინარჩუნოთ და დავაბრუნოთ ბიზნესში საშუალო ფენა. პრემიერმა ყველა სექტორს დარგობრივად უნდა მოუსმინოს. არ მგონია, რომ ჩვენ 1.5 მლრდ გვიშველის. ვფიქრობ, კიდევ რა თანხებიც შემოვა დონორებისგან, სხვადასხვა დარგზე საჭიროების მიხედვით უნდა მიიმართოს. ასევე, უნდა ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი პოლიტიკა დარგების მიხედვით. მაგალითად, გვინდა, სპორტული დარბაზები? - ამ მიმართულებითაც გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ; წამალში ფულის ყრას რძე დაასუბსიდირონ და უფრო ჯანმრთელი გენოფონდი გვექნება... სპორტი უნდა დავასუბსიდიროთ“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი. 

ბიზნესმენი მთავრობის სათავეში მეორედ დაბრუნებულ ირაკლი ღარიბაშვილსაც ამხნევებს და მხნეობას უსურვებს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ფარ-ხმალი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაყაროს ანუ მინდა, მხნეობა და ოპტიმიზმი ვუსურვო. დარგობრივად მოუწევს ყველა მიმართულებაზე ყურადღების მიქცევა და ეს არ არის მარტო ბიზნესი... კულტურის სფეროს დიდი პრობლემები აქვს; ვხედავთ, რა პრობლემები აქვს სპორტს...  ამის შეკვრა და ყველა სადავის დაჭერაა გამოსავალი, ამიტომ დიდი მხნეობა მას", - აცხადებს ბიზნესმენი.

#Forbestalks-ის წამყვანის გიორგი ისაკაძის რეპლიკას - "ანუ ირაკლი ღარიბაშვილსაც ამხნევებთ?" ლაშა პაპაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: ჩვენ (ბიზნესმენები) ვართ ამ ქვეყნის 24-საათიანი ჯარისკაცები, 365 დღე წელიწადში და რამდენადაც გამოგვიყენებს, არ გვეზარება“, - აღნიშნა მან.