მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისტორიულად მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება იზრდება"

6155c4b1285aa
სალომე მეცხვარიშვილი
01.10.21 10:15
791
ისტორიულად მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება იზრდება - ამის შესახებ bm.ge-სთან ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს.

საქსტატმა გუშინ აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ზაფხულის ბოლო თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატში განმარტავენ, ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა მშენებლობისა და სამთომოპოვებითი საწარმოების გარდა. გაზრდილია ვაჭრობის მაჩვენებელიც, მათ შორის ნავთობის, სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების მიმართულებით.

ნავთობიმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ საწვავის იმპორტი და მოხმარება პანდემიის მიუხედავად იზრდება და ამის მიზეზი ეკონომიკის გააქტიურებაა.

“2021 წლის 8 თვე გასული წლის 8 თვეს რომ შევადაროთ, დაფიქსირებულია 4%-იანი ზრდა საწვავის იმპორტსა და მოხმარებაში. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც გვაქვს 10%-იანი ზრდა.

ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ აქტივობასთან, ეკონომიკის გამოცოცხლებასთან, მოსალოდნელზე უფრო სწრაფ აღდგენასთან. თუ ეკონომიკის ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, იმპორტი და მოხმარებაც მზარდი იქნება”, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

მისივე თქმით, პანდემიამდე საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავზე ყველაზე მაღალი ფასი 2.50 ლარი იყო, დღეს კი 3-ლარიან ნიშნულს ასცდა.

“პერსპექტივა ამ კუთხით ოპტიმისტური ნამდვილად არ არის - ვხედავთ, რომ ნავთობის ფასები ისევ იზრდება. რესურსი იმის, რომ მოხმარება გაიზარდოს, კიდევ არის”, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.